„ამაზრზენი” უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად ხელისუფლების უმოქმედობაზე რადიკალების მხრიდან ატეხილ აჟიოტაჟს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში რადიკალები გამორჩეულად მარგინალები არიან.
როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, მაშინ როცა ცივილიზებულ სამყაროში სტიქიის დროს ყველა ცდილობს ერთიანობის შენარჩუნებას, საქართველოში რადიკალი ოპოზიციონერები სხვის უბედურებას, სტიქიის თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაც ამორალური ქმედებაა.
„ეს არის ამაზრზენი ფაქტები, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ვუსმენთ ამ 2-3 დღის განმავლობაში. რადიკალებისთვის მეტრი არის ევროპა, დასავლეთი და მაინტერესებს, თუ კითხულობენ და ეცნობიან ინფორმაციას რა ხდება საფრანგეთში, სადაც დიდთოვლობის გამო სამი დღის წინ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არ გამოსულა სარკოზი და არ გაუკრიტიკებია მაკრონის ხელისუფლება, არ გამოსულა არცერთი ოპოზიციური პარტია. პირიქით, ყველა ერთიანია. იქ არ არსებობს პოზიცია-ოპოზიცია, როდესაც სტიქიას ებრძვიან.
იაპონიაშიც, მაგალითად არის სოფლები, სადაც 4 მეტრამდე თოვლია და იქ ჩარჩენილი მოსახლეობა ვერ გამოჰყავთ. ანუ, ოპოზიციაში ყველანაირად გამორჩეულად მარგინალები არიან. ეს არის სტიქია. მასთან ბრძოლა უჭირს ყველა სახელმწიფოს. ჩვენ ვნახეთ ამერიკაში რა მოხდა, რა ხდება ევროპის ქვეყნებში და რა ვითარებაა აღმოსავლეთში. იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებაში ერთობა, რაღაც ადამიანური თანადგომა, მორალზე დაფუძნებული ქმედება ან სიტყვიერი თანადგომა მაინც ვიხილოთ, ესენი გამოდიან და ყველა ფაქტს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
კი მაგრამ, ასე თუ სტკიოდა სტიქიაში მოყოლილი ადამიანების ბედი და წუხდნენ, გუშინ დაფდაფებზე რომ მღეროდნენ თბილისის ქუჩებში, ეს არის წუხილი და დარდი იმ ადამიანებზე? ყველანაირად ფარისევლები არიან. არ შეიძლება ქართველი ამ დონეზე დაეცე და ასეთი რაღაცები გააკეთო. განსაკუთრებით წარმოუდგენელია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები. სადამდე დაეცა ეს ქალი? ყველაფერს კადრულობს უკვე და კითხვა მაქვს – რამდენს უხდიან ამ ქალს ან რად უღირს ის თანხა, რასაც მას ან ოპოზიციაში მის მხარდამჭერებს აძლევენ.
ამ პოპულისტებს მოთმენის უნარიც არ აქვთ. მაგალითად, ევროპაში, როცა ასეთი რამეები ხდება, კრიტიკაც კი გაჩერებულია ხელისუფლების მიმართ და ყველაფერი რომ დასრულდება, შემდეგ შეიძლება, თუკი რაიმე შეცდომა გამოიკვეთება, ოპოზიციამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გამოთქვას.
მაგრამ როცა ყველა – სამხედროები, მაშველები, მთელი მთავრობა გურიაში დიდთოვლობას ებრძვის, შეიძლება ამ პერიოდში გამოხვიდე და ხელისუფლება აკრიტიკო? დასრულდეს მაინც ეს პროცესები, გავიდეს მაინც ეს დღეები, მაგრამ არა, ამათთვის არანაირი სტანდარტი და მორალი, სამწუხაროდ, არ არსებობს,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
