„როცა მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს პრობლემა იქნება ქვეყნისთვის და მტერი გეუბნება რომ კარგია, სასწორზე არაფერი აღარ დევს“ – შოთა ბურჯანაძე „გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე

„როცა მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს პრობლემა იქნება ქვეყნისთვის და მტერი გეუბნება რომ კარგია, სასწორზე არაფერი აღარ დევს“ – შოთა ბურჯანაძე „გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე
„თუ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ არ არის ეს კანონპროექტი კარგი, ეს იმდენად არასაჭიროა, რომ შეიძლება იყოს კიდევ უფრო დიდი უბედურების დასაწყისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც დღეს ამბობ რომ ჩვენს საზოგადოებას შეურაცხყოფას არ მივაყენებთ და არ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომელიც საზოგადოებას არ სურს, ერთი წლის შემდეგ კი სრულიად იგივე თემაზე მსჯელობ სხვა რაკურსით, უბრალოდ წარმოუდგენელია რა უნდა იდგეს ამის უკან“, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროeქტზე საუბრისას განაცხადა.
„როცა მეგობრები გეუბნებიან, რომ ეს პრობლემა იქნება ქვეყნისთვის და მტერი გეუბნება რომ კარგია, სასწორზე არაფერი აღარ დევს, კითხვის ნიშანი აღარ ისმის და აღარ ხდება იმის განჭვრეტა, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რამდენად უარყოფით როლს ითამაშებს.
ახალგაზრდებს, რომლებიც 21-ე საუკუნეში, თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ, სულ სხვა განჭვრეტის უნარი და სხვა შეხედულებები აქვთ. ეს მერკანტილური დამოკიდებულება, რაც ჩვენი მტერი სგან მოდის, მათთვის სრულიად მიუღებელია. მათ არ სურთ სამყარო, რომელიც ძალიან ბინძური და ჭუჭყიანია. მათ სურთ თავისუფალი სამყარო, სადაც მათი სურვილები, მათი აზროვნება და შეხედულებები თავისუფალია და ამისთვის არ ისჯებიან“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, აბსურდია იმაზე საუბარი, არის თუ არა ეს კანონპროექტი საჭირო. აბსურდზე მსჯელობას კი ადამიანი უტოპიაში გადაჰყავს.
„გამჭვირვალობაც არ არის ის, რაც ბოლომდე აუცილებელია. როდესაც ბოლომდე გამჭვირვალობას გთხოვენ და გაძალებენ ყველაფერი გამოფინო, ე.ი. უკვე შენზე ძალადობენ. ეს გამჭვირვალობა არავის სჭირდება, გარდა იმ მიზნისა, რომ შენმა მტერმა შექმნას დაძაბულობა და შენი მტერი ვერ იტანს იმ კონსოლიდაციას, რომელიც ერთმა ბოლო გატანილმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა.
როდესაც აბსურდია თემა და იმაზე მსჯელობ, მიდიხარ უტოპიაში. უტოპიაში გადასული ადამიანი ყოველთვის დაკარგულია. ახლა ვართ სიტუაციაში, სადაც აბსურდზე ვმსჯელობთ და ვმსჯელობთ იმაზე რა არის თეთრი და რა არის შავი.
მე, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი, ვგრძნობ საზოგადოებრივ განწყობებს და შესაბამისად, როდესაც ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა განისაზღვრება ასეთი ტენდენციებით, წარმოუდგენელი და მიუღებელია. ჩვენ შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ სადაც არ არის საომარი, ტყუილად ომს ნუ დავიწყებთ. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ კანონს მოვაქცევთ იმ ჩარჩოში, რომელიც ქვეყანაში პრობლემებს მოაგვარებს და არა პირიქით“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.