“როცა თამაშებს აგებდა, ცუდ მწვრთნელს ეძახდით, ახლა კი დარჩენას სთხოვთ?” – ანრიმ ხავიზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ყოფილი თანაგუნდელისა და ამჟამად “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის შესახებ ისაუბრა.
ფრანგის თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ ხავი შესანიშნავი სპეციალისტი იყო.
“წარმოდგენა არ მაქვს, ხავი რას გადაწყვეტს. ერთადერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ხავი კარგი მწვრთნელი გუშინ არ გამხდარა, ის თავიდანვე ასეთი იყო.
ახლა, როცა გუნდმა შედეგები გააუმჯობესა, ყველა ითხოვს, რომ “ბარსას” გაწვრთნა ისევ გააგრძელოს. როცა გუნდი თამაშებს აგებდა, ფანები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ვფიქრობ, ასეთ მოპყრობას მწვრთნელები არ იმსახურებენ.
გუნდის ასაშენებლად დრო ყველაზე მნიშვნელოვანია,
ამის საუკეთესო მაგალითი კი მიკელ არტეტასა და “არსენალის” სიტუაცია იყო. ორი წლის განმავლობაში ესპანელი სპეციალისტი შედეგს ვერ აღწევდა, თუმცა “მეთოფეებს” პროგრესი აქვთ და ყოველ სეზონში უფრო და უფრო კარგად გამოიყურებიან. არ დაგვავიწყდეს, რომ ხავიმ ლა ლიგა პირველივე სეზონში მოიგო.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხავი ნდობას ახალგაზრდებს უცხადებს. სხვათა შორის, კლოპიც იმავეს აკეთებდა. ის შესანიშნავი მწვრთნელი იყო და ახლაც ასეა”, – განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “პარი სენ ჟერმენი” სტუმრად 3:2 დაამარცხა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.