მწერალი როსტომ ჩხეიძე:
გამოსაცემად ვამზადებ პოლიტიკური რომანის “დღენი საპარლამენტონი” მეორე წიგნს “ჩემი პარლამენტი”, რომლის წინათქმასაც აქ გთავაზობთ:
——————————————————————-
დრო საპარლამენტო გამოსვლებისა მკაცრად განსაზღვრულა, და თუმც თხოვნის საფუძველზე თავმჯდომარემ შეიძლება დაგიმატოს ნახევარი თუ ერთი წუთი და ჩაგამთავრებინოს სიტყვა, მაინც გირჩევნია ჩაეტიო დროის იმ ჩარჩოში.
იმთავითვე გადავწყვეტდი, როგორც კი მომიწევდა პარლამენტის სკამზე დაჯდომა:
წინასწარვე მომემზადებინა დაწერილი ტექსტი პოლიტიკური განცხადებისა იქნებოდა თუ შეკითხვისა, რათა ყველა სიტყვა და ფრაზა ამეწონა, დამეწურა და რაც შეიძლება მეტის თქმა მომესწრო მცირე დროში.
ზეპირი გამოსვლა არასოდეს გამჭირვებია, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული დრო თავისას მოითხოვდა და იძულებული გავხდებოდი, ფურცელს მივყოლოდი კვალდაკვალ.
ეს ერთი მხრივ წამგებიანია, რადგანაც ზეპირად წარმოთქმულს მეტი ეფექტი აქვს.
თუმც მეორე მხრივ:
თანდათან უნდა დამგროვებოდა მთელი სერია ფურცელზე აღბეჭდილი გამოსვლებისა, ქვეყანაში არსებულ ყველა სატკივარს რომ მოიცავდა და 2020-2024 წლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თავისებურ მატიანედაც აირეკლებოდა.
ამ ფურცლებიდან კი პოლიტიკური ესეები უნდა ამოსულიყო, ის, რაც უჩვეულო აღმოჩნდებოდა ჩვენი საპარლამენტო ცხოვრებისათვის.
იმ პირველ პარლამენტშიც:
1918-20 წლებისა, 21 წელი სავალალოდ რომ მოთავდებოდა დაწყებისთანავე.
და ამ მეორე პარლამენტშიც:
1990 წლის მიწურულიდან – სახელდობრ 28 ოქტომბრიდან – რომ მოვიპოვებდით ხელმეორედ და – მიუხედავად ერთიერთმანეთზე უმძიმესი პოლიტიკური მოვლენებისა, პუტჩიან-ომებიანად, შენარჩუნებით კვლავაც რომ ვინარჩუნებდით.
მწერლები და ჟურნალისტები არ მოაკლდებოდა ჩვენს პარლამენტს, თუმც მათგან არავის მოაფიქრდებოდა თანადროული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თავისებურ მატიანედ თავმოყრა საპარლამენტო გამოსვლებისა.
და გამონაკლისად უნდა გამოჩენილიყო ჩემი პოლიტიკური ესეების ციკლი.
როდესაც წინასწარვე ვამზადებდი ჩემს გამოსვლებს, არც მიფიქრია გამონაკლისობასა თუ უჩვეულობაზე.
აკი მოგახსენეთ:
რაც შეიძლებოდა მეტის მოსწრება მინდოდა, მეტი სატკივარისა თუ საფიქრალის გამოტანა მზის სინათლეზე.
და აი ელგუჯა თავბერიძეს უნდა მიექცია ყურადღება, საპარალამენტო პოლიტიკური ესეები რომ იქმნებოდა ჩემი ხელით და ეს დაკვირვება ფეისბუქზე გამოხმაურებით უნდა გაეზიარებინა საზოგადოებისთვისაც და …
ჩემთვისაც, ამ გამოხმაურების შემდგომ უკვე მიზანდასახულად და შეუფერხებლად რომ გავაგრძელებდი ამ ჟანრის თხზულებათა მომზადებას, პოლიტიკურ განცხადებებსა და შეკითხვებს რომ შეავსებდა:
გამოსვლები ფრაქცია ნაციონალებისა თუ პოლიტიკური ჯგუფის – „თავისუფლება“ – სახელით, თავისუფალი ტრიბუნისათვის შედგენილი ვრცელი გამოსვლაც რომ შეემატებოდა.
ერთ-ერთი სასესიო სხდობის დაწყების წინ რომაც გოცირიძეს საუბარი უნდა გაება ქალთა სამეულთან:
თეონა აქუბარდია, თამუნა კორძაია და ხათუნა სამნიძე, – შესვენებისას კი ჩემთვის ეთქვა:
– შენზე ვლაპარაკობდით, შენს გამოსვლებზე, და ყველამ ერთად ვთქვით: ეტყობა წიგნს წერსო. უკვე საკმაოდ დაგიგროვდებოდა ფურცლები და ეს ისე არ დამთავრდება.
– არც უმაგისობაა, – მივუგებდი.
– პუბლიცისტური ყაიდისა ალბათ.
– არა, უფრო მხატვრულ-დოკუმენტური, პოლიტიკურ გამოსვლებს მემუარული ჩანაწერებიც ჩაერთვის.
მაშინ ორ წიგნად გამოცემას არც ვფიქრობდი, ამგვარი აღნაგობა თანდათან უნდა გამოკვეთილიყო და გაემკვეთრებინა მხატვრულ-დოკუმენტური ხაზი.
და კიდეც უნდა გამემზადებინა მხატვრულ-დოკუმენტური რომანი:
„დღენი საპარალამენტონი“, –
რომლის პირველ წიგნშიც – გარდა 1918-21 და 1990-2024 წლების საპარლამენტო ცხოვრებისათვის თვალის გადავლებისა, უნდა შემოსულიყო საფრანგეთისა და ბრაზილიის პარლამენტური ყოფის ეპიზოდებიც.
ოღონდ ეს ყოველივე უნდა დაყრდნობოდა:
მწერალთა ეპიკურ ქმნილებებს და არა ისტორიკოსთა ნაშრომებს.
ქმნილებებს, რომელთა მხატვრულ ქარგაშიც კანთიელად ცნაურდებოდა დოკუმენტური ფონი და ძალიანაც წაადგებოდათ ისტორიკოსებს ცალკეულ რეალიათა აღდგენა-გააზრებისას.
ამჯერად ჩემი პოლიტიკური რომანის პირველი წიგნის კომპოზიციური ქარგა უნდა შეედგინათ ალექსანდრე ქუთათელის, ოთარ ჩხეიძის, ვიქტორ ჰიუგოსა თუ მარიო ვარგას ლიოსას რომანებიდან ამოკრებილ შესაბამის მონაკვეთებს.
და აი მეორე წიგნიც, ამოზრდილი უშუალო დაკვირვებებსა და შთაბეჭდილებებზე მეათე მოწვევის პარლამენტის ცხოვრების მდინარებისა, დიდი მღელვარებანიც რომ არ მოაკლდებოდა.
და დილოგია იქცევა თუ არა ტრილოგიად, ეს ღმერთმა იცის…