„როსსეტის“ სანქცირებული დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „როსსეტის“ (Россети) დელეგაცია, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი გენერალური დირექტორის, ანდრეი რიუმინის ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
Россети-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობასთან. „როსსეტი“ და საქართველოს მთავრობა „საქრუსენერგოს“ 50-50 პროცენტიან წილს ფლობენ.
„შეხვედრაზე განიხილეს ელექტროსადენების საიმედოობის საკითხები, მიმდინარე შედეგები და საინვესტიციო გეგმები. ასევე შეჯამდა 2024 წლის საწარმოო და ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას, მხარეებმა განიხილეს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონის“ შეუფერხებელი მუშაობა, რომელიც გადის რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
„როსსეტის“ ცნობით, ასევე გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც განხილულ იქნა ენერგო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან „საქრუსენერგოსთან“ დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა აქციონერთა საერთო კრების ფარგლებში გაიმართა.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ „საქრუსენერგო“ 1996 წელსაა დაფუძნებული საქართველოსა და რუსეთის მიერ ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე. სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რუსეთის ფედერაციის მხრიდან – „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»). (ФСК ЕЭС შერწყმულია „როსსეტთან“ — ნეტგაზეთი).
„საქრუსენერგო” ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის სისტემათაშორის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „კავკასიონს”, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „მუხრანის ველს” და 330 კვ ეგხ „გარდაბანს” , საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 220 კვ ეგხ „აჭარას”; ასევე, შიდა სასისტემო 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: „იმერეთს”, „ქართლი-1”-ს , „ქართლი-2”-ს, „მუხრანს” და „ასურეთს“. სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ კომპანიის საფინანსო მდგომარეობას, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას და სხვა აქტუალურ საკითხებს. კომპანიაში საქართველოს მხარეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამდენად, აქციონერთა საერთო კრების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განმარტებაში.
„როსსეტის“ გენერალური დირექტორის ანდრეი რიუმინი სანქცირებულია აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ.