“ქალი ამბობდა, რომ შარშან რომ არ მოგვცეს სტატუსი, სწორად არ მოგვცეს, არ ვიმსახურებდითო. არადა, ყველაფრით ვიმსახურებდით, დადასტურდა, თვითონ გამოაქვეყნა ევროკომისიამ მონაცემები, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტად ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსს და პრეზიდენტი რომ ერქვა და ჰქვია დღესაც ფორმალურად, ეს ქალბატონი ამბობდა, რომ არ ვიმსახურებდით,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის საჯარო განცხადებები კანდიდატის სტატუსის შესახებ, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყო.
“ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, გულის წყვეტას იმსახურებს ის ამბავი, რომ პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ გავაპრეზიდენტეთ, ჩვენ მოვუწოდეთ ხალხს და რომ არა “ქართული ოცნება”, ნული იყო შანსი, 1%-იც არ იყო გაპრეზიდენტების შანსი… ეს ადამიანური მომენტიც, მორალური მხარეც, ჩვენი მომხრეები რაზეც დღეს გვსაყვედურობენ, ამაზეა ლაპარაკი, ეს ერთი.
მეორე – მართლა უკადრებელი იკადრა. ევროპაში ვიზიტებისას რას ლაპარაკობდა დახურულ კარს იქით, კაციშვილმა არ იცის და არაფერს არ დავაბრალებ. მოდით ვთქვა, დავუშვათ, კარგს ლაპარაკობდა, “ძალიან გთხოვთ, მიეცით ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი” – დავუშვათ, ამას ამბობდა და ცუდ რაღაცებს არ ლაპარაკობდა, მე სხვა შთაბეჭდილება და სხვა აზრი მაქვს, მაგრამ მოდი, რომ არ ვიჭორაოთ, დავუშვათ, რომ კარგს ლაპარაკობდა; რას ლაპარაკობდა, რაც ზუსტად ვიცით: ქალი ამბობდა, რომ შარშან რომ არ მოგვცეს, სწორად არ მოგვცეს, არ ვიმსახურებდითო. არადა, ყველაფრით ვიმსახურებდით, დადასტურდა, თვითონ გამოაქვეყნა ევროკომისიამ მონაცემები, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტად ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსს და პრეზიდენტი რომ ერქვა და ჰქვია დღესაც ფორმალურად, ეს ქალბატონი ამბობდა, რომ არ ვიმსახურებდით.
წელს მოვიდა პარლამენტში და ჩვენ გვითხრა პარლამენტარებს, დღე და ღამე რომ გვქონდა ნათენები რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ჯგუფებში და არავინ რომ არ გვეხმარებოდა, დღეს და ღამეს რომ ასწორებდა რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, პარლამენტარით დამთავრებული ყველა, რა როგორ გვექნა, როგორ გაგვეზომა, როგორ შეგვეტანა კანონში, რომ ეროვნული ინტერესიც არ დაზიანებულიყო, სუვერენიტეტის თემაც რომ არ დაზიანებულიყო და რეკომენდაციებიც რომ შეგვესრულებინა, ამის ზომვაც რომ გვიწევდა თან და ამათი საბოტაჟის ფონზე – მოვიდა პარლამენტში და პრეზიდენტად წოდებულმა ქალმა გვითხრა, რომ წელსაც ფორმალურად ასრულებთ, ანუ წელსაც არ გეკუთვნით და არ გვეკუთვნისო. ამას ამბობდა საჯაროდ. იმის იქით რას ლაპარაკობდა – კარგი ვივარაუდოთ-თქო ვამბობ მე თვითონ. ეს ნარატივი იყო, რომ “ხალხს მიეცით, ხელისუფლება არ იმსახურებს” – ეს არ არის სწორი მიდგომა, ასე არ იძლევა რაღაც სტატუსებს ევროკავშირი. რამდენ ხალხს უნდა ევროკავშირის წევრობა – მისცენ აბა რეფორმების გარეშე, აძლევს ვინმე რამეს? ეს ისეთი სიგიჟე და ზღაპარია, ეს აბსურდული მესიჯია,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.