რომელი ინფექციები ვრცელდება ყველაზე სწრაფად და რომელი ყველაზე ნელა

როდესაც COVID-ის პანდემია დაიწყო, ბევრს გაახსენდა 2011 წლის საოცრად წინასწარმეტყველური ფილმი „ინფიცირება“. უცბად, მისი ჰიპოთეტური სცენარი საოცრად რეალური გახდა.
ფილმი სამეცნიერო სიზუსტით გამოირჩევა და კარგ გაკვეთილებსაც გვთავაზობდა.
განსაკუთრებით გამოირჩევა ერთი სცენა. ქეით უინსლეტის პერსონაჟი სხვადასხვა პათოგენის ინფექციურ ძალაზე მოკლე გაკვეთილს გვთავაზობს — ხსნის, როგორ შეიძლება გავრცელდეს ისინი ჩვენი ხელებიდან მრავალ ყოველდღიურ ობიექტზე — კარის სახელურზე, ონკანზე, ლიფტის ღილაკებზე და ერთმანეთში. ამ ყოველდღიური მოხმარების საგნებს ინფექციის გავრცელების წყაროებს უწოდებენ და შეიძლება ინფექციების უხილავ ტრანსპორტად იქცნენ.
პერსონაჟი ასევე ხსნის, როგორ ენიჭება თითოეულ ინფექციას მნიშვნელობა, რომელსაც R0 (ან R-ნული) ეწოდება.
შესაბამისად, თუ R0-ის მნიშვნელობა არის ორი, თითოეული ინფიცირებული პაციენტი დაავადებას ორ სხვას გადასდებს. ერთად ისინი კიდევ ოთხ სხვას. და ასე, გავრცელება იწყება.
R0 საზომი მიუთითებს, როგორ ვრცელდება ინფექცია პოპულაციაში. თუ ის ერთზე მეტია, შედეგი არის დაავადების გავრცელება. როდესაც R0 არის ერთი, ინფიცირებულ ადამიანთა დონე სტაბილური რჩება, და თუ მნიშვნელობა ერთზე ნაკლებია, დაავადება ხშირად დროსთან ერთად ქრება.
ცირკულირებადი ინფექციები სხვადასხვა გზით ვრცელდება და ძლიერ განსხვავდება გადამდებობის თვალსაზრისით. ზოგიერთი ციცქნა წვეთებით ან აეროზოლებით ვრცელდება — ხველების ან დაცემინების შედეგად გამოყოფილის; ზოგიც სისხლით, მწერებით (ტკიპები და კოღოები) ან დაბინძურებული საკვებითა და წყლით.
მაგრამ თუ ვიფიქრებთ, როგორ დავიცვათ თავი ინფექციური დაავადებისგან, ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის იმის დადგენა, თუ როგორ ვრცელდება ისინი. და როგორც ჩანს, ეს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების დაცვის გაკვეთილიც არის.
სტატიაში გთავაზობთ პლანეტაზე ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად გადამდები დაავადებების ჩამონათვალს.
პირველ ადგილს წითელა იკავებს.
ბოლო წლებში მსოფლიოში წითელა ხელახლა გამოჩნდა, მათ შორის, მაღალშემოსავლიან ქვეყნებშიც. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მაგრამ ძირითადი მაინც არის ბავშვობაში ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირება. ამის მიზეზი კი გახდა კოვიდპანდემია და გლობალური კონფლიქტები, ასევე ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია.
წითელასთვის R0 რიცხვი მერყეობს 12-დან 18-ს შორის. ადვილი გამოსათვლელია, რომ პირველი ინფიცირებული პირიდან გადადების ორი ციკლი იწვევს 342 ადამიანის ინფიცირებას. ერთი პაციენტისთვის ეს რიცხვი უზარმაზარია, მაგრამ საბედნიეროდ, ვაქცინის თავდაცვითი ძალაუფლება გადადების რეალურ მაჩვენებელს ძლიერ ამცირებს.
წითელა წარმოუდგენლად ვირუსულია, ვრცელდება ჰაერში გაბნეული ციცქნა ნაწილაკებით, რომლებიც ხველების ან ცემინების დროს გაიფრქვევა. პირდაპირ კონტაქტსაც კი არ საჭიროებს. იმდენად ინფექციურია, რომ არავაქცინირებულ პირს ეს ვირუსი შეიძლება გადაედოს იმ ოთახში უბრალოდ შესვლითაც კი, სადაც ორი საათით ადრე იმყოფებოდა ინფიცირებული პირი.
ადამიანები ინფექციურები და გადამდებები შეიძლება იქამდეც იყვნენ, ვიდრე სიმპტომები გაუჩნდებათ და იზოლაციის მიზეზი ექნებათ.
მაღალი R0 მნიშვნელობის სხვა ვირუსებს შორის არის ყივანახველა (12 t- 17), ჩუტყვავილა (10-12) და COVID-19, რომელიც ქვეტიპების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ძირითადად აქვს 8-12 მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებებისგან მრავალი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება, მაინც შეიძლება დაემართოთ სერიოზული გართულებები, მათ შორის, პნევმონია, კრუნჩხვები, მენინგიტი, სიბრმავე და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილი.
სპექტრის მეორე ბოლოში, ინფექციურობის დაბალი მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ დაავადება ნაკლებად სახიფათოა.
მაგალითად, ავიღოთ ტუბერკულოზი. რომლის R0 მერყეობს ერთზე ნაკლებიდან ოთხამდე. დიაპაზონის ასეთი ცვალებადობა დამოკიდებულია ადგილობრივ ფაქტორებზე, თუნდაც ცხოვრების პირობებზე და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის ხარისხზე.
ტუბერკულოზს ბაქტერია Mycobacterium tuberculosis-ი იწვევს და ასევე საჰაერო გზით ვრცელდება, მაგრამ უფრო ნელა; ძირითადად, საჭიროა ხანგრძლივი ახლო კონტაქტი ამ დაავადების მქონე ადამიანთან. გავრცელება ძირითადად ხდება ადამიანებში, რომლებიც ერთად ცხოვრობენ — ოჯახებში, თავშესაფრებსა თუ ციხეებში.
ტუბერკულოზის რეალური საფრთხე მისი მკურნალობის სირთულეშია. საჭიროებს ოთხი ანტიბიოტიკის კომბინაციას სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში. პენიცილინის მსგავსი სტანდარტული ანტიბიოტიკები არაეფექტიანია და ინფექცია შეიძლება ფილტვებს მიღმა სხეულის სხვა ნაწილებშიც გავრცელდეს — თავის ტვინში, ძვლებში, ღვიძლსა და სახსრებში.
ამას გარდა, იმატებს პრეპარატებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, რომლებშიც ბაქტერიები აღარ რეაგირებენ მკურნალობაში გამოყენებულ ერთ ან მეტ ანტიბიოტიკზე.
დაბალი ინფექციურობის სხვა დაავადებებს შორისაა ებოლა, რომელიც ძლიერ ფატალურია, მაგრამ ვრცელდება ახლო ფიზიკური კონტაქტით, სხეულის სითხეების მეშვეობით. მისი R0 არის 1,5-დან 2-მდე.
ამას გარდა, იმატებს პრეპარატებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, რომლებშიც ბაქტერიები აღარ რეაგირებენ მკურნალობაში გამოყენებულ ერთ ან მეტ ანტიბიოტიკზე.
დაბალი ინფექციურობის სხვა დაავადებებს შორისაა ებოლა, რომელიც ძლიერ ფატალურია, მაგრამ ვრცელდება ახლო ფიზიკური კონტაქტით, სხეულის სითხეების მეშვეობით. მისი R0 არის 1,5-დან 2-მდე.
ყველაზე დაბალი R0 მნიშვნელობის დაავადებები, ერთზე დაბლა, არის ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (Mers), ფრინველის გრიპი და კეთრი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციები ნაკლებად გადამდებია, არასწორად არ უნდა შევაფასოთ მათი პოტენციური გართულებები და სიმწვავე.
რომელიმე ინფექციური დაავადების საფრთხე დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს ის სხეულზე, არამედ იმაზეც, რამდენად ადვილად ვრცელდება.
გადამწყვეტ როლს ასრულებს პრევენციული ზომები, მაგალითად, იმუნიზაცია, რაც არა მხოლოდ იცავს ადამიანებს, არამედ ასევე ზღუდავს გადადებას მათში, ვისაც ზოგიერთი ვაქცინის გაკეთება არ შეუძლია — მაგალითად, ჩვილებს, ფეხმძიმეებს, მწვავე ალერგიებისა და შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ზოგადად, ეს ინდივიდები ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი არიან.
სწორედ აქ ხდება გადამწყვეტი ე. წ. კოლექტიური იმუნიტეტი. მოსახლეობაში ფართოდ წარმოდგენილი იმუნურობის მიღწევით, ჩვენ ვიცავთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
1tv.ge