რომან ჩხენკელის აგროკომპანია Green Solutions-ი ინვესტორებს ეძებს

აგროკომპანია Green Solutions-ი ინვესტორებს ეძებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა რომან ჩხენკელმა განაცხადა.
„ძალიან საინტერესო ბიზნესმოდელს შევთავაზებთ დაინტერესებულ პირებს, როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს“, – აცხადებს ფერმერი, რომელიც ლაგოდეხში 70 ჰა-ზე მეტ ფართობზე სხვადასხვა სახეობის ხილის მაღალტექნოლოგიური ხილის ბაღებს ფლობს.
რომან ჩხენკელის ინფორმაციით, Green Solutions-ის წლიური მოსავალი, საშუალოდ, 1 მლნ კილოგრამი ხილია და პროდუქციას, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
ინფორმაციისთვის: Green Solutions-მა საქმიანობა აგროტექნოლოგიების იმპორტით დაიწყო; განვითარების მეორე ეტაპზე კომპანიამ ლაგოდეხში მაღალტექნოლოგიური ხილის ბაღები გააშენა; მესამე ფაზა კი, მცირე ბაზრის კონცეფციის აგრომაღაზიების ქსელის შექმნაა.
სწორედ განვითარების მესამე ფაზაზე გადასვლისთვის საჭირო რესურსების მოძიების მიზნით, რომან ჩხენკელი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს კომპანიის წილის შეძენას სანაცვლოდ.
„Green Solutions-ის 100%-იანი მფლობელი მე ვარ. მზად ვარ, 10%, 20% გავასხვისო. თუ მსურველი გამოჩნდება, საკონტროლო პაკეტის დათმობისთვისაც მზად ვარ“, – აღნიშნა რომან ჩხენკელმა და იქვე დასძინა, რომ მომავალი პარტნიორების მოსაძიებლად და მათ დასარწმუნებლად გეგმავს, საინვესტიციო შეხვედრების გამართვას, სადაც ინვესტორებს ბიზნესგეგმას დეტალურად გააცნობს და პარტნიორობის პირობებზეც ინდივიდუალურად იმსჯელებენ.
„Green Solutions-ის სურვილია, ინვესტორებისგან მოძიებული თანხით, პირველ ეტაპზე, თბილისში 25-30 აგრომარკეტი გახსნას.
“პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს – ახლა სხვადასხვა ქსელურ მარკეტს ვამარაგებთ, მაგრამ მოგების გაცილებით დიდი მარჟა გვექნება, თუ საბოლოო მომხმარებელზე გავალთ, რისთვისაც გვჭირდება მცირე ბაზრის კონცეფციის აგრომაღაზიების ქსელის შექმნა, რომელიც ყველა უბანში იქნება და მომხმარებელი შეძლებს ყოველდღე ახალი პროდუქცია შეიძინოს. ვგეგმავთ, თბილისში, თანამედროვე სტანდარტების სასაწყობო და გადამმუშავებელი მეურნეობის მოწყობას, სადაც არა მხოლოდ ჩვენი ფერმის პროდუქციას შევინახავთ, არამედ ქსელური მარკეტებისთვის სხვა ფერმერებისგანაც შევიძენთ ხილს, ბოსტნეულს, რაც აგრობაზარში დაგვჭირდება“, – აცხადებს რომან ჩხენკელი.
მისივე თქმით, Green Solutions-ს უკვე რეგისტრირებული აქვს სავაჭრო ნიშანი „მწვანე ბაზარი“ და სწორედ ამ ბრენდით აპირებს აგრობაზარზე მუშაობას.