ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა ავტორიტარულ რეჟიმებში, მართლა ბრძოლა კი არ არის კორუფციის წინააღმდეგ, ეს არის კამპანია , – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ეკონომისტმა, რომან გოცირიძემ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების დაკავება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი „პუტინის კვალს მისდევს“.
„ივანიშვილმა ყველაფერი რუსეთისგან გადმოიღო – დაწყებული „აგენტების კანონით“, მედიის შეზღუდვით, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. პუტინის კვალს მისდევს, დაახლოებით ერთი-ორი წლის ჩამორჩენით. ორიოდე თვის წინ პუტინმაც დაიწყო ანტიკორუფციული მოძრაობა და იჭერდა მინისტრის მოადგილეებს, მინისტრამდე ვერ გავიდა. ისტორია მეორდება პატარა პროვინციული მასშტაბით. ამას თუ პუტინი აკეთებს, რომელსაც ატომური ბომბი უმაგრებს გვერდს, ამას აქ აკეთებს ერთი ახირებული კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ თავის 6 თუ 7 მილიარდით შეუძლია მთელი ქვეყანა ფეხქვეშ გაიგდოს და საკუთარ ჭკუაზე მართოს. იგივე რიჟვაძის საკითხი, რომელსაც დაჭერით ემუქრებოდნენ და თავი გადაირჩინა იმით, რომ თვითმკვლელობა სცადა. ასეთ შემთხვევაში, 100-დან 99% ძალიან ცუდად მთავრდება, გაუმართლა. ალბათ, არ დაიჭერენ თუნდაც იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლება ამბობს, მასთან არავითარი პრეტენზია არ გვქონდაო. ფაქტია, თავი გადაირჩინა. კითხვა იბადება – ეს ხომ პოლიტიკურად აზიანებს ივანიშვილის ხელისუფლებას, როდესაც თავად აღიარებს, რომ ქვეყანაში არის ტოტალური კორუფცია“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის 13 წლის განმავლობაში არცერთი კორუფციული საქმიანობა გამოვლენილა.
მან ბოლო პერიოდში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და ასევე, სხვა პირების დაკავებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს დაკავებების სერია ხელისუფლებას ანტიკორუფციული მოძრაობის საჩვენებლად სჭირდებოდა.
„პირველი შემთხვევა მოხდა, რომ თავდაცვის მინისტრი დააკავეს. რატომ მაინც და მაინც თავდაცვის მინისტრი? ხომ უნდა დაეწყოთ ვიღაცით. მეორე, თავდაცვის მინისტრი არის „დაბალი ღობე“, არსაიდან მოსული, რომელსაც არავითარი პოლიტიკური წარსული არ ჰქონდა და ღარიბაშვილის თუ ვიღაცის წყალობით რაღაც სეგმენტში ფულის შოვნა გადაწყვიტა”, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, კითხვა ჩნდება, ირაკლი ღარიბაშვილს და ყოფილ ჩინოვნიკებს აშინებენ თუ „საქმეს უკერავენ“, რომ დაიჭირონ.
„არ მგონია, რომ ღარიბაშვილს, ლილუაშვილს ან გომელაურს დაიჭერენ. ეს უკვე სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ღარიბაშვილზე არის ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებული, მას არ უნდა ღარიბაშვილის პრეცედენტის შექმნა. რა არის ღარიბაშვილის პრეცედენტი?! 2-ჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს კახური „კლანის“ თემა გაჩნდა და ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა. არც მეორეში დაუკლია ხელი, ძალიან დიდი ფული იშოვა. გადააყენა და ბიძინა ივანიშვილმა თავის საახლობლო წრეში დატოვა. უზარმაზარი თანამდებობა ჩააბარა, პარტიის თავმჯდომარე გახადა. უამრავი სიუჟეტი იყო, ეს კაცი პარტიაში არ დადიოდა, დაიწყო ეშმაკური თამაშები, შვილი აშშ-ში სწავლობს. დაინახა, რომ ყველას ასანქცირებენ. მან მოინდომა, რომ ეს ფული, რაც ივანიშვილის წყალობით იშოვა, შეირგოს”,- განაცხადა გოცირიძემ.
