მისი [სალომე ზურაბიშვილის] განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე, რა დროსაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის მორალური გადაწყვეტილება, რომელსაც თავისით მიიღებს და პასუხსაც მხოლოდ საკუთარ თავთან აგებს.
გოცირიძის თქმით, პროგნოზის გაკეთება, მიიღებს თუ არა ის ამ გადაწყვეტილებას, ძალიან რთულია.
„შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს, მისი განცხადებების ტონის და შინაარსის ცვალებადობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია გამორიცხული. როდის შეიწყალებს, არჩევნებამდე თუ ნუ გვავიწყდება არჩევნების შემდეგადაც არის ქვეყნის პრეზიდენტი, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, მომავალი ხელისუფლების ფორმირებამდე ერთი თვე, დეკემბრის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია. ამიტომ როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა ძალიან რთულია ამაზე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მისი შეცვლილი ტონი და შინაარსი არაფერს გამორიცხავს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაზე” საუბრობდა.
დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კრიტიკა კი არ არის, არამედ მოწოდებაა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება კრიტიკა კი არ არის, არამედ მოწოდებაა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს. ოლიგარქიული მმართველობა უნდა მოიშალოს ქვეყანაში და გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც კოალიციური მმართველობით უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ანუ, პირდაპირ ოპოზიციის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ოპოზიციის წისქვილზე წყალს ასხამს და ბუნებრივია, იქცევა სწორად. მისი განცხადებები ევროკავშირთან, სტატუსთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ, მის მიერ მხილება “ქართული ოცნების” პრორუსული მხილებისა, რომ უკრაინას უღალატა საქართველოს ხელისუფლებამ, ყველაფერი ეს ერთობლიობაში აძლიერებს ოპოზიციას და ასუსტებს „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა გოცირიძემ.