„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „კატასტროფული დემოგრაფიის“ მთავარი მიზეზი ემიგრაციაა.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და ვითარება არ შეიცვალა, ქვეყანა დაიცლება და ერი გადაშენების გზას დაადგება.
„შექმნილი ვითარება შეიძლება, გაუზვიადებლად, დავახასიათოთ როგორც კატასტროფა, ვინაიდან, ბოლო 10 წელიწადია, ბუნებრივი მატების მაჩვენებლი იკლებს. თუ 2014 წელს დაბადებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რიცხვთან შედარებით 11 ათასით მეტი იყო, შემდეგ წლების განმავლობაში ნულამდე დავიდა და ბოლო 4 წელიწადია უარყოფითი რიცხვია. ანუ ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ბუნებრივი მატება იყოს, კლებაა — გარდაცვლილთა რიცხვი მეტია დაბადებულებთან შედარებით. რისი ბრალია ეს – თუ გამოვრიცხავთ 2021 წელს, როდესაც პანდემია იყო მთავარი ფაქტორი, დანარჩენი, წლების განმავლობაში მიზეზი არის ემიგრაცია – უმუშევრობა, სიღატაკე, გაჭირვება, ფასების ზრდა იწვევს ქვეყნის დაცლას. 2022-ში ჩვენი 101 ათასი მოქალაქე გავიდა, 2023 წლის სტატისტიკა არ გვაქვს და ალბათ კიდევ ერთი ამდენი იქნებოდა. მიდიან ახალგაზრდები ბრუნდებიან საპენსიო ასაკს მიახლოებული ან გადაცილებული მოქალაქეები. 2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 800 ათასი მოქალაქე დარჩა უცხოეთში როგორც ემიგრანტი. დაბრუნდა 500 ათასამდე და დაახლოებით 300 ათასი მოქალაქე დავკარგეთ, რაც არის ბათუმი, გორი და ზუგდიდი ერთად აღებული. აორთქლდა ეს სამი ქალაქი. ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები- სამუშაო და რეპროდუქციული ძალის ნაწილი. ამიტომ, ამ კატასტროფული დემოგრაფიის მთავარი მიზეზი არის ემიგრაცია. თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდა და არ შეიცვალა ეს ვითარება და მთავრობა, ქვეყანა დაიცლება და დავადგებით გადაშენების გზას, რომელიც დეპოპულაციის სახელით არის ხოლმე მოხსენიებული ოფიციალურად. სინამდვილეში, ამას ერის გადაშენება ჰქვია”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, “საქსტატის” მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს 42 756 ადამიანი გარდაიცვალა, 40 214 ბავშვი კი დაიბადა.
ამდენად, გასულ წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.