– თუ პოლიტიკური იზოლაცია გაგრძელდა და კრიზისი არ გადაიჭრა, ძალიან მძიმედ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე

თუ პოლიტიკური იზოლაცია გაგრძელდა და პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრა, ძალიან მძიმედ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ამიტომ სანამ საქმე არ გაფუჭებულა, მანამდე უნდა მოგვარდეს პრობლემები, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში,- ამის შესახებ ეკონომისტმა, რომან გოცირიძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეკონომისტებისა და ფინანსისტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა საინტერესო იყო, ექსპერტებმა დაწვრილებით მიმოიხილეს ეკონომიკაში არსებული ვითარება და მოსალოდნელი შედეგები.
“თუ პოლიტიკური იზოლაცია გაგრძელდა და პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრა ძალიან მძიმედ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, ეკონომიკაზე, ფინანსებზე, ამიტომ სანამ საქმე არ გაფუჭებულა, მანამდე უნდა მოგვარდეს პრობლემები, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. ეკონომიკამ არ უნდა აიძულოს ხელისუფლება დათმობებზე წასასვლელად. როდესაც ეკონომიკური ფაქტორების გამო იძულებული ხდები, თუნდაც ახალი დანიშნო, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებ. ჯობია ივანიშვილმა ახლავე გააცნობიეროს, თუნდაც რა მოუვა პირადად მას და მის ბიზნესს, როდესაც რეალური სანქციები დაუწესდება და არა, რაც ახლა აქვს. მას, როგორც ფიზიკურ პირს დაუწესეს სანქციები, არ შეხებია ოჯახის წევრებს, მის ბიზნესებს, მის გარემოცვას, ამიტომ უნდა მიხვდეს როგორ ითრევს უფსკრულში სხვებსაც. ჯობია წარმოიდგინოს რა შეიძლება მოხდეს, ვიდრე რომ მოხდება, შემდეგ წავიდეს დათმობაზე”,- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება მთლიანად იზოლირებულია პოლიტიკურად ეს აჩენს სერიოზულ რისკებს, ამიტომ უნდა მოხდეს ზეწოლა დასავლეთის მხრიდან.
“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში, ყველა პოლიტიკური პარტნიორი დაკარგა და ქვეყანა დგას სერიოზული საფრთხის წინაშე, რომ რუსეთმა არ მოახდინოს მთლიანად ქვეყანაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვება ამ პრორუსული ხელისუფლების მეშვეობით, ამიტომ უსაფრთხოების ის საკითხი საქართველოს მომავალი ბედი და მისი ინტერესების დაცვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. როდესაც ხელისუფლება მთლიანად იზოლირებულია, პოლიტიკურად ეს აჩენს სერიოზულ რისკებს, ამიტომ უნდა მოხდეს ზეწოლა დასავლეთის მიერ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ