რომან გოცირიძე: ვაკე-საბურთალო ტრანსპორტისათვის გაუვალი გახდება – იპოდრომზე ცათამბჯენების მშენებლობა დანაშაულია

„ვაკე-საბურთალო ტრანსპორტისათვის გაუვალი გახდება – იპოდრომზე ცათამბჯენების მშენებლობა დანაშაულია“ – ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე იპოდრომთან 79 სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ივანიშვილი იპოდრომის პარკს საკუთარი ფულით კი არა, არამედ მის საკუთრებაში დარჩენილი იპოდრომის ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისათვის უკვე გაყიდული თუ გასაყიდი მიწის ღირებულების მხოლოდ ნაწილის ხარჯზე აშენებს.

იპოდრომზე ცათამბჯენების მშენებლობა დანაშაულია. ვაკე-საბურთალო ტრანსპორტისათვის გაუვალი გახდება. იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ისედაც მიმდინარეობს მასობრივი მშენებლობები. მალე, იქვე ახლოს, დაიწყება ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო შტაბის ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები.

ვაკე-საბურთალოს ფაქტობრივად კოლაფსი ელოდება.

დღეს თბილისის საკრებულომ, რუსული კანონის მხარდამჭერი კიდევ ერთი ბიზნესმენი სამშენებლო ნებართვით დაასაჩუქრა.

სხვათა შორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი უკვე დაუწყიათ. იქ, მეორე უბედურება დატრიალდება, თუ კორპუსები ჩაიდგა. ცოტა ქვემოთ, ტელევიზიის შენობის ტერიტორიას ჩააბეტონებენ, ასევე ცათამბჯენებით, მერე ლაგუნა-ვერე-აბრეშუმის ყოფილი ქარხნის ტერიტორიას. ალბათ ზოოპარკიც ამოღებული აქვთ მიზანში.

გმირთა მოედანი დადგება! მოსწრებაზე არიან. არჩევნების შემდეგ ეს და ქალაქის დამანგრეველი სხვა მსგავსი პროექტები უნდა გაუქმდეს. ოთხი თვე დარჩა და როგორმე უნდა გავყაროთ ეს მავნებლები ხელისუფლებიდან,“ – წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულომ გუშინ, დაამტკიცა თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, ხოლო დანარჩენ 40-მდე ჰექტარზე ცენტრალური პარკის გაშენება. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხორციელებას შპს “ცენტრალ პარკ ავენიუ” გეგმავს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „იდეა“. თავის მხრივ კი, ეს უკანასკნელი ვასილ, ლევან და სოსო ფხაკაძის საკუთრებაშია.