პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან მალევე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა გასცა მოულოდნელი ბრძანება, შეჩერებულიყო 11 სამხედრო ავიარეისი, რომლებითაც აშშ-ის იარაღი გადაჰქონდათ უკრაინაში. ამ გადაწყვეტილებაზე თეთრმა სახლმა არაფერი იცოდა – ამის შესახებ ინფორმაცია „როიტერსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
სააგენტოს ცნობით, იანვარში ოვალურ კაბინეტში ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა არაფორმალურად განიხილეს უკრაინისთვის დახმარების შეჩერების იდეა, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს ოფიციალური განკარგულება არ გაუცია. ამის მიუხედავად, პენტაგონმა იანვრის ბოლოს გასცა ბრძანება, რომელიც სამ სატვირთო ავიაკომპანიას უკრაინისთვის განკუთვნილი საარტილერიო ჭურვებითა და სხვა შეიარაღებით დატვირთული 11 რეისის შეჩერებას ავალებდა. ამან დაბნეულობა გამოიწვია როგორც კიევსა და ვარშავაში, ისე თავად ვაშინგტონში.
ფრენები მალევე განახლდა, თუმცა ამ შეფერხებამ პრობლემები შეუქმნა უკრაინას, რომელიც ისედაც მზარდი ზეწოლის წინაშეა ბრძოლის ველზე და აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობას, რომელმაც რეისების შეჩერებით 2,2 მილიონი დოლარი იზარალა. ამას გარდა, დახმარების შეჩერებამ შეშფოთება გამოიწვია ნატოს მოკავშირეებში და კითხვები გააჩინა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით.
ფორუმი
