აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე – ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი, სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ეს წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის მიმართ.
წყაროებმა როიტერსს აცნობეს, რომ უკრაინა გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებას მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.
როიტერსი იუწყება, რომ თეთრმა სახლმა კომენტარზე უარი თქვა.
იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის ცნობას ავრცელებს გამოცემა New York Times-იც. გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით.
აშშ-ის ეს ნაბიჯი – რომელიც დაახლოებით ორი თვით უსწრებს წინ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამდებობაზე მოსვლას, 20 იანვარს – მოსდევს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თვეების განმავლობაში გამოთქმულ თხოვნას უკრაინისთვის მიეცათ უფლება აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის საბრძოლო ობიექტებზე, რომლებიც საზღვრიდან მოშორებით მდებარეობს.
პოლიტიკის ცვლილების ფონია რუსეთის მიერ ჩრდილოეთი კორეის სახმელეთო ძალების დისლოცირება, საკუთარი არმიის გაძლიერების მიზნით – რამაც შეშფოთება გაზარდა ვაშინგტონსა და კიევში. New York Times-ს წყაროებმა უთხრეს, რომ უკრაინელებისთვის გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა განაპირობა სწორედ რუსეთის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ომში ჩაერთო ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.
აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი სკეპტიციზმით ეკიდებოდა შესაძლებლობას, რომ გრძელი რადიუსის დარტყმები შეცვლის ომის ზოგად ტრაექტორიას – თუმცა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკრაინას დაეხმაროს მოცემულ მომენტში, როცა რუსეთის ძალები ბრძოლაში წინ მიიწევენ. ამასთან, ამ გადაწყვეტილებით შეიძლება კიევი უფრო ძლიერ პოზიებზე აღმოჩნდეს, თუკი დაიწყება მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
უცნობია შეცვლის თუ არა ტრამპი ბაიდენის გადაწყვეტილებას, გაპრეზიდენტების შემდეგ. ტრამპი აკრიტიკებდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარების მოცულობას და აცხადებდა, რომ ამ ომს სწრაფად დაასრულებს – თუმცა როგორ, ეს ტრამპს არ აუხსნია.
რუსეთი წარსულში გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე უკრაინისთვის შეზღუდვების შემსუბუქება მისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი ესკალაციის ნიშანი.