როგორ შეიძლება მოიტანოს ამან გამარჯვება და არა იმედგაცრუება?! – ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მიმდინარე დისკუსიას. ის ფიქრობს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
ზურაბიშვილი ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს, რის გამოც არ მიზანშეუწონლად მიაჩნია მომავალ არჩევნებში მონაწილეობა. მათ შორის, ის საუბრობს პოლიტპატიმრებზე, მედიის მიმართ რეპრესიულ პოლიტიკაზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე, გამოხატვისა და შეკრბეის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე და ა.შ. ის ამბობს, რომ ამ პირობებში ჩატარებული ოპოზიციას გამარჯვებას ვერ მოუტანს.
“ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი. როცა არ არსებობს ამ ქვეყანაში – და ამას ვხედავთ ყოველდღიურად – არავის არანაირი ნდობა არ შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსი და იმისი, რომ ასეთი სასამართლო თუ იქნება და არა ცვლილებები შეტანილი ამ სასამართლოს მოქმედებაში, რომ რომელიმე დავას გაამართლეს რომელიმე პარტიისთვის. თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ, როგორც მინიმუმ, მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ. მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნებისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან არა მხოლოდ ნელ-ნელა არა მხოლოდ იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, არამედ ყოველდღე მძიმდება სიტუაცია. მარეგულირებელში შეტანილი სარჩელი, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების ძალიან დიდი შეზღუდვა, როგორიც მე არსად არ მინახავს. ამას შეიძლება განაპირობოს, შემდეგ ეტაპზე, ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება. ამიტომ, ეს არის ძალიან სერიოზული. ჩვენ ვიცით, ამავე დროს, თუ რა დღეში არის რეგიონული მედია. გუშინ, ასევე დააყადაღეს “მთის ამბების” [დამფუძნებლის – გელა მთივლიშვილის] ანგარიშები. ეს არის ყოველდღიური სიახლეები, რითაც “გვახარებს” ეს რეჟიმი – ვიხმარ ამ სიტყვას. კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორი არის ის, რომ ადამიანის უფლებები შეზღუდულია. ჯერ ერთი, ძალადობა აქტივისტებზე, თბილისშიც და რეგიონებშიც კიდევ უფრო დაუცველი არიან ადამიანები; შეკრების თავისუფლება, პრაქტიკულად, არ არის. ვინმემ მითხრას, სად არის სივრცეები. პრაქტუკურად, თბილისშიც ძალიან ძნელი მოსაპოვებელი არის საჯარო სივრცე. დავანებოთ თავი იმას, რომ რუსთველზე თუ გაივლი, უბრალოდ გაისეირნებ, მაშინ ეს საკმაოდ ძვირადღირებული გასეირნება გამოდის. თუნდაც კერძო სივრცეები […] რაღა დარჩა?! ყველა ფინანსური რესურსი – ეს იქნება პარტიების, არასამთავრობოების, ფიზიკური პირების, ტელევიზიების არის უფრო და უფრო შეზღუდული. ჯარიმები აქეთ, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლება იქეთ. კიდევ, სესხები, ფასების მომატება … ეს ყველაფერი ქმნის ისეთ ფინანსურ გარემოს, რომელშიც ძალიან რთულია ადამიანებისთვის, რომ აიღონ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა და წავიდნენ იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია არჩევნები”, – განაცხდაა სალომე ზურაბიშვილმა.