“როგორ უნდა შეიკეროს ფორმა, როცა სახლში შვიდი მოსწავლეა და ოჯახს მინიმალური საარსებო წყაროც კი არ აქვს?!”– ბერდია კალანდია გივი მიქანაძეს

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია, ოცნების განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს ეხმაურება და წერს:
როგორ უნდა შეიკეროს ფორმა, როცა სახლში შვიდი მოსწავლეა და ოჯახს მინიმალური საარსებო წყაროც კი არ აქვს?!
ამ კითხვაზე პასუხი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში დგას ყოველდღიურად. სკოლა იწყება, ბავშვებს სჭირდებათ ფორმა, ფეხსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, ჩანთა… მაგრამ ზოგი ოჯახი დგას არჩევანის წინაშე — შეიძინოს საკვები, თუ გაწიროს შვილი უსწავლელობისთვის და მოწყვიტოს თანატოლებს?! ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ შეზღუდულ შემოსავალზე, უჭირთ ჰქონდეთ სურვილი, რომ შვილები განათლებულები ჰყავდეთ — უჭირთ შესაძლებლობა. სოციალურად დაუცველი ხომ რამდენი ოჯახია და მათი ყოველთვიური დახმარების საკითხიც რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლებამ – ეს ცალკე საკითხი და მსჯელობის საგანია! შვიდი მოსწავლე ოჯახში, ნიშნავს, შვიდჯერ უფრო დიდ ხარჯს, შვიდჯერ უფრო დიდ სტრესს, მაგრამ ამავე დროს, შვიდჯერ უფრო დიდ იმედსაც — რომ სწავლა მათ უკეთეს მომავალს მისცემს. რატომ გადაწყვიტა მიქანაძის უწყებამ, რომ ეს იმედი მოუკლას ერის, ამ, საკმაოდ, მნიშვნელოვან ნაწილს – ვერ გეტყვით. მხოლოდ, ის, ძველი და გაცვეთილი ფრაზა შემიძლია ვთქვა, მიხეილ ჯაყელმა, რომ თქვა თავის დროზე: “ვაი, ბედკრულო საქართველო, საით მიექანები!” სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები სწავლაზე ფიქრობენ და არა იმაზე, აქვს, თუ არა ოჯახის ფინანსები მათთვის ფორმის შესაკერად. რეფორმა არ უნდა გახდეს ბარიერი განათლებისთვის. მათ, შორის, არც ფორმა!
ეს საკითხი აღარ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა — ეს ერის და საზოგადოების უმრავლესობის პრობლემაა. დროა კითხვა დავუსვათ საკუთარ თავსაც და სისტემასაც: რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბავშვები ფინანსური სიდუხჭირის გამო არ აღმოჩნდნენ ჩრდილში?! სახელმწიფომ, სკოლებმა, საზოგადოებამ ერთად უნდა იპოვოს გზა, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს “უკან” მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს არ შეუძლია გადააგდოს რამდენიმე ასეული ლარი ფორმისთვის!
“კი, მშობელმა უნდა შეუკეროს ფორმა, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს ბავშვისთვის და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება.”