ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, 20 ივნისზე საუბრისას, ანბიბს:
“აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და შესაბამისად, მინისტრსა და მის ქვემდგომებს ემორჩილებოდნენ, ბუნებრივია, მაშინ პოლიციელები, რომლებიც იღებდნენ ბრძანებებს და ამ ბრძანებებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენს მაგივრად მიიღო ვიღაცამ გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა ადამიანებისთვის ასეთი მძიმე ზიანი. ვიღაცა თავზე გადაგახტათ ამ დონეზე და მერე რჩებით თანამდებობაზე, მერე იღებთ დაწინაურებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ხომ გასაგებია აქ რასთანაც გვაქვს საქმე. გასასვლელი არ აქვს, გამოსავალი არ აქვს გახარიას, ანუ იმდენად მძიმე მდგომარეობასა და ჩიხურ სიტუაციაშია შესული რომ არავითარი გასასვლელი არ აქვს მას ამ მძიმე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ის თავს ვერ გაიმართლებს, მითუმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის,“
უცნობია, რას ნიშნავს “მიიღო პრემიერად დაწინაურება” – “ქინდერ” შოკოლადში ამოუვიდა, თუ ლატარიაში მოიგო? იმ გუნდმა ხომ არ წარადგინა პრემიერად, რომელსაც ახლა კობახიძე წარმოადგენს? თან, თურმე, რაშიც მაშინ ვადანაშაულებდით გახარიას, რის გამოც “ოცნების” მომხრეები ადამიანებს ლანძღავდნენ და გახარიას კი ხალხისგან იცავდნენ, მართალი ყოფილა და “ოცნებას” ეს სცოდნია. მიუხედავად ამისა, ოცნების ლიდერები, მათ შორის კობახიძეც, გახარიას ქება-დიდებით იყვნენ დაკავებულნი.




