როგორ მოვიხმაროთ შაქარი ისე, რომ არ გაიზარდოს დიაბეტის რისკი – ახალი კვლევა

ყველა შაქრიანი ნუგბარი ერთნაირად არ მოქმედებს. ახალი კვლევის თანახმად, თქვენი მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის უფრო უარესი შეიძლება იყოს ტკბილი სასმელები, ვიდრე ტკბილის წახემსება.
სისტემურ მიმოხილვაში თავი მოუყარეს ნახევარზე მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემებს მთელი მსოფლიოდან; აღმოჩნდა, რომ შაქრით დამტკბარი სასმლის ან ხილის წვენის ყოველი დამატებითი პორცია დაკავშირებულია მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის ზრდასთან.
მეორე მხრივ, საკვები შაქარი დაკავშირებული იყო მეორე ტიპის დიაბეტის დაბალ რისკთან.
შედეგები მიუთითებს, რომ ყველა შაქარი ერთნაირად ცუდი არაა თქვენთვის. ზოგიერთი ტიპი და რაოდენობა შეიძლება უფრო მეტად იყოს დაკავშირებული ინსულინის პრობლემებთან, ვიდრე სხვები.
„ეს პირველი კვლევაა, რომელშიც წარმოჩნდა დოზა-რეაქციის მკაფიო კავშირი შაქრის სხვადასხვა წყაროსა და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს შორის. ეს კვლევა აჩვენებს, რომ რატომ არის შაქრის სმა, იქნება ეს გამაგრილებელი სასმელი თუ წვენი — ჯანმრთელობისთვის უფრო პრობლემურია, ვიდრე მისი ჭამა“, — ამბობს -ის ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგი კარენ დელა კორტე.
დღეს პოპულარულია მოსაზრება, რომ საკვები შაქრები დიაბეტთან არის დაკავშირებული. თუმცა, ზოგიერთი კვლევა ირწმუნება, რომ ამ მოსაზრებას აკლია დამაჯერებელი მონაცემები. ამ კვლევების თანახმად, დიაბეტი უფრო აშკარად არის დაკავშირებული ენერგიის ჭარბ მიღებასთან ან სხეულის ჭარბ ცხიმთან, ვიდრე მხოლოდ შაქართან.
მაგალითად, 2023 წელს მკვლევრებმა იპოვეს მნიშვნელოვანი კავშირი შაქრის სრულ მიღებასა და დიაბეტის რისკის ზრდას შორის; ასევე ისიც, რომ ეს კავშირი მჭიდროდ იყო მიბმული პირის სხეულის მასის ინდექსთან. შედეგები მიუთითებს, რომ შაქარი ამარტივებს წონის მატებას, არაპირდაპირ ზემოქმედებს სხეულის მეტაბოლიზმზე. თუმცა, შეიძლება თუ არა, რომ მას ჯანმრთელობაზე სხვა გავლენაც ჰქონდეს?
მეტის გასარკვევად, დელა კორტემ და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს შეადარეს დიაბეტის რისკები ფრუქტოზისგან, საქაროზისგან, თავისუფალი შაქრისგან (რომელიც ბუნებრივად გვხვდება თუნდაც თაფლში), დამატებული შაქრისგან და მთლიანად შაქრისგან. ყურადღება ასევე გაამახვილეს შაქრით დამტკბარ სასმელებზე, როგორიცაა გამაგრილებელი სასმელები ან სპორტული სასმელები, და ხილის წვენები.
მეორე ტიპის დიაბეტის რისკი სხვადასხვა იყო და დამოკიდებული იყო თუ რომელ შაქარს მოიხმარდნენ. საქაროზა და შაქრის საერთო რაოდენობა დაკავშირებული იყო მეორე ტიპის დიაბეტის დაბალ რისკთან, მაგრამ კავშირი არ გამოიკვეთა დამატებული შაქრისა და ფრუქტოზის შემთხვევებში.
თუმცა, სხვა შაქრები საპირისპირო შედეგებთან აღმოჩნდა დაკავშირებული. გამაგრილებელი სასმლის ყოველი ზედმეტი დღიური პორცია მეორე ტიპის დიაბეტის რისკს 25 პროცენტით ზრდიდა. ასევე, ხილის წვენის ყოველი ზედმეტი პორცია რისკს 5 პროცენტით ზრდიდა.
ასე აღმოჩნდა მაშინაც, როცა მკვლევრებმა გაითვალისწინეს ადამიანის სხეულის მასა და ენერგიის მიღება.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ ჯერზე, როცა გამაგრილებელ სასმელს სვამთ, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 25 პროცენტით გეზრდებათ. რისკები ფარდობითია და არა აბსოლუტური.
მაგალითად, თუკი დიაბეტის განვითარების საბაზისო რისკი 10 პროცენტი გქონდათ და დღეში ოთხ გამაგრილებელ სასმელს სვამთ, ამ რიცხვებზე დაყრდნობით ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე იზრდება.
კვლევა შემაშფოთებელ კორელაციას წარმოაჩენს, მაგრამ დამატებითი შესწავლაა საჭირო იმის დასადგენად, რატომ შეიძლება სხეულის მეტაბოლიზმისთვის უფრო საზიანო იყოს ხილის წვენი, ვიდრე თავად ხილის ნაჭერი.
ვრცლად პირველ არხზე