როგორ მიმდინარეობს ზაფხულის ტურისტული სეზონი ქუთაისში?

Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ივნისის მეორე ნახევრიდან ტურიზმის სექტორი იმერეთში დასტაბილურდა. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა ჯავშნები აღარ უქმდება, ძირითადი ინტერესი კი გალფის ქვეყნებიდან შეინიშნება.
„ჩავარდნილი გაზაფხულის შემდეგ, რაც ცნობილმა მოვლენებმა განაპირობა, ზაფხულის ტურისტული სეზონი შედარებით დასტაბილურებით დაიწყო. ივნისის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა, ჯავშნები აღარ უქმდება და ასევე ახალი ჯავშნები შემოდის, რაც გვაძლევს მოლოდინს, რომ მეტის მომცემი იქნება ქუთაისისთვის და ზოგადად იმერეთისთვის.
ეს არის გალფის ქვეყნები, რადგან „ვიზეარს“ დიდი სიხშირით აქვს წვდომა ემირატებზე. ევროპა სამწუხაროდ არ არის, გამომდინარე ისევ და ისევ გაზაფხულის მოვლენებიდან, როცა მასიური გაუქმებები დაიწყო, თუმცა, ჩვენი წარმატება ევრო 2024-ზე გვაძლევს მოლოდინს ამ ბაზრიდანაც მდგომარეობა გაუმჯობესდება.
სეზონისთვის პრობლემაა ის, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი გელათი იკეტება, ეს დიდ დარტყმას აყენებს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. მანამდე 6 თვე დაკეტილი იყო ოკაცეს კანიონი, რის გამოც დაზარალდნენ მცირე ობიექტები. სულ ორიოდე დღის წინ გაიხსნა ის და იმედია დასტაბილურებაში ესეც დაგვეხმარება,“ – განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ