როგორ ინგრევა დემოკრატია ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაბიჯებით | მოსაზრება

დემოკრატიები იშვიათად ინგრევიან ერთი დარტყმით. ავტორიტარიზმში გადასვლა ხშირად ვლინდება მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნაბიჯების სერიით, რომელიც მნიშვნელოვან შედეგებს იძენს მას შემდეგ, რაც სოციალური ზეწოლა მოქალაქეებს აიძულებს მწყობრში ჩადგნენ და ფეხი აუწყონ ახალ მოთხოვნებს.
ავტორი: პროფესორი კაუშიკ ბასუ, მსოფლიო ბანკის ყოფილი მთავარი ეკონომისტი, ინდოეთის მთავრობის ყოფილი მთავარი მრჩეველი
1934 წლის იანვარში გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტ ჰაროლდ კალენდერის ესე ნაცისტურ გერმანიაში დაწყებული ახალი ფენომენის, Gleichschaltung-ის (გლაიხშალტუნგი) შესახებ. ეს სიტყვა ნიშნავს „კოორდინაციას“ ან “სინქრონიზაციას”, თუმცა ამ ტერმინმა გაცილებით ბნელი მნიშვნელობა შეიძინა და იქცა გერმანული საზოგადოების სისტემური ნაციფიკაციის აღმნიშვნელად. კალენდერის ეს ნაშრომი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი გაფრთხილება დემოკრატიის კოლაფსისა და ტოტალიტარიზმის აღზევების ეპოქაში.
დემოკრატია, რომელიც პირველად ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში ათენში გაჩნდა, რადიკალური ნახტომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მისი თანამედროვე ფორმა მოედო კონტინენტებს, გაიდგა ფესვები შეერთებული შტატებში და ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ინდოეთი, რომელიც ახლად გათავისუფლებული იყო კოლონიური უღლისგან, მე-20 საუკუნეში. თუმცა მიღწევებისა და სიმტკიცის მიუხედავად, დემოკრატია ყოველთვის მყიფედ რჩებოდა.
ხშირად გვგონია, რომ დემოკრატიისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხეებია ომები, გადატრიალებები ან სხვა დრამატული კრიზისები. მაგრამ, როგორც კალენდერის ესე გვახსენებს, დემოკრატიის ნგრევა არ საჭიროებს მოულოდნელ შოკს. საარჩევნო დემოკრატიას შეუძლია თანდათანობით გადაიზარდოს დიქტატურაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, სანამ არ მიაღწევს წერტილს, საიდანაც უკვე ვეღარ ბრუნდებიან.
კალენდერისთვის ტერმინი Gleichschaltung ასახავდა მცოცავი ავტორიტარიზმის ნელ, მზაკვრულ პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურმა ჩვეულებრივმა თარგმანმა მისი ბნელი ქვეტექსტები ვერ გადმოსცა, ფრანგული ფრაზა mettre au pas – „მწყობრში მოქცევა“ – ბევრად ახლოს იყო. Gleichschaltung, წერდა ის, იყო „სამხედრო აღლუმის მაღალი ნაბიჯის (Goose step) პრინციპის გამოყენება, როგორც გონებრივად და მორალურად, ისე ფიზიკურად“. ამის გაცნობიერება აუცილებელი იყო იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა ჰიტლერის გერმანიაში.
გერმანელი ჯარისკაცები მარშირებენ Goose Step-ის ნაბიჯებით (მაღალი, მკაცრი სამხედრო ნაბიჯი) ნაცისტური რეჟიმის დროს. აღლუმზე მარშირების გერმანელების მიერ დამკვიდრებულმა ამ უჩვეულო სტილმა მოგვიანებით უსიტყვოდ მორჩილების გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა
1934 წლისთვის „კოორდინაციის“ პროცესი უკვე შორს იყო წასული. პირველ რიგში, რეგიონული ავტონომიის ეროზია განახორციელეს, როდესაც გერმანიის Länder-ს (ფედერალური სახელმწიფოები) სუვერენიტეტი ჩამოერთვა და ნაცისტურ კონტროლს დაექვემდებარა. ამას მოჰყვა ოპოზიციის აკრძალვა და აზრის გამოხატვის სრული დადუმება.
მალე Gleichschaltung გერმანულ ინტელექტუალურ სფეროშიც გავრცელდა, შეაღწია რა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. კალენდერი მოგვითხრობს, თუ რა ადვილად დააწესეს ნაცისტებმა ერთგვაროვნება კულტურულ ინსტიტუტებზე – უარყვეს რა თანამედროვე ხელოვნების დიდი ნაწილი, როგორც „დეგენერატული“ – მაგრამ ყოყმანობდნენ, როდესაც საქმე იდეოლოგიური გაერთიანების პროგრამაში მეცნიერების ჩართვას ეხებოდა. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება თუ არა მართლაც არსებობდეს„არიული“ მათემატიკა? საბოლოოდ, ბერლინის უნივერსიტეტის მორჩილ მათემატიკოსთა ჯგუფმა დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ასეთი რამ ნამდვილად შეიძლება არსებობდეს.
ამით გერმანული ტრაგედიისთვის ეტაპი მომზადდა. კალენდერმა დაასრულა თავისი ესე იმის აღნიშვნით, რომ მიუხედავად იმისა, რომ Gleichschaltung, მისტიციზმის სხვა ფორმების მსგავსად, შესაძლოა გაუგებარი დარჩეს არამორწმუნეებისთვის, ის ხელს უწყობს რეჟიმის „ყველაზე დამაბნეველი“ ქცევის ახსნას.
კალენდერის გაფრთხილებები საშიშად ნაცნობად ჟღერს დღეს, როდესაც მსოფლიოს დემოკრატიები ავტორიტარული მმართველობისკენ მიიწევენ. მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის პრეზიდენტი ხელისუფლებაში მოვიდნენ თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული თ და შემდეგ დაიწყეს შერყევა იმ კონსტიტუციური დამცავი მექანიზმებისა, რომლებიც მათ ძალაუფლებას ზღუდავდა. ასეთი საფრთხისგან იმუნიტეტი არ აქვთ არც ისეთ ძლიერ დემოკრატიებს, როგორიცაა და ინდოეთი. როგორც ბოლო გამოცდილებიდან ვხედავთ, პოლიტიკურ ლიდერებს, თავიანთ პარტიულ მოკავშირეებთან ერთად, შეუძლიათ ნაციონალიზმის ექსპლუატაცია ძალაუფლების კონცენტრირებისთვის.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ავტორიტარული დრიფტი არ იწყება სახელმწიფო ძალადობით. ჩემს 2018 წლის წიგნში, “რწმენის რესპუბლიკა”, მე ვამტკიცებ, რომ ჩაგვრა იწყება ინდივიდუალური ქმედებებით, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანი ხდება მას შემდეგ, რაც სოციალური ზეწოლა აიძულებს მოქალაქეებს, „მწყობრში დადგნენ“, რაც მმართველებს დაუსჯელად მოქმედების საშუალებას აძლევს. როგორც სერგეი გურიევი და დენიელ ტრეისმანი მოგვითხრობენ თავიანთ 2022 წლის წიგნში “ტრიუკის დიქტატორები”, რუმინელმა დიქტატორმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ ერთხელ თავის უშიშროების უფროსს უთხრა: „ჩვენ შეგვიძლია უთვალავი გზა მოვძებნოთ პოლიტიკური კრიმინალების მოსაშორებლად… შეგვიძლია დავაპატიმროთ ისინი, როგორც მფლანგველები ან სპეკულანტები, დავადოთ ბრალი პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობისთვის, ან გავაკეთოთ სხვა რამ, რაც საუკეთესოდ შეეფერება თითოეულ შემთხვევას“.
დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას ამძაფრებს მზარდი უთანასწორობა. G20-ის გლობალური უთანასწორობის დამოუკიდებელ ექსპერტთა საგანგებო კომიტეტის ბოლო მოხსენება აჩვენებს, რომ მსოფლიოს ყველაზე უთანასწორო ქვეყნებში დემოკრატიული ეროზიის ალბათობა შვიდჯერ მეტია. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ სოციალური მედიით დომინირებულ სამყაროში, შემოსავლების უთანასწორობა ხშირად ხმის უთანასწორობაში გადადის. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სუპერმდიდრები ყიდულობენ სოციალური მედიის პლატფორმებსა და სატელევიზიო ქსელებს, რათა გაამყარონ თავიანთი კონტროლი საჯარო დისკურსზე.
ავტორიტარიზმისკენ სვლის წინააღმდეგობის გაწევა უნდა დაიწყოს დემოკრატიული რღვევის წინა ეპიზოდების შესწავლით, განსაკუთრებით ომთაშორის წლებში და ვაიმარის რესპუბლიკაში. ისევე, როგორც ადამ სმიტმა აჩვენა, თუ როგორ აყალიბებს ინდივიდუალური არჩევანი მთელ ეკონომიკას, ჩვენ უნდა შევისწავლოთ, თუ როგორ ქმნიან ყოველდღიური მცირე გადაწყვეტილებები დიდ პოლიტიკურ ძვრებს. მხოლოდ Gleichschaltung-ის მექანიზმების გაგებით შეგვიძლია შევქმნათ ისეთი დამცავი სისტემები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებებს ტოტალიტარულ უფსკრულში „მაღალი სამხედრო აღლუმის ნაბიჯით“ შესვლისგან დაიცავს.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს „ნეტგაზეთის“ პოზიციას.
ამავე თემაზე