დე ფაქტო აფხაზეთის “სახელმწიფო ტელევიზიის” ეთერში გააქტიურდა დისკუსია ჟურნალისტების „უცხო ქვეყნის აგენტებად“ აღიარების თემაზე. 2025 წელს სამი აფხაზი ჟურნალისტი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „აგენტთა” სიაში შეიყვანა.
რუსეთის მსგავსად, „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმს მოსკოვი ავალდებულებდა ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებებით. კანონის შესაძლო მიღებაზე აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების რეაქციები მწვავე იყო. ამის მიუხედავად, 2025 წლის მარტში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა უცხოური აგენტების რეესტრი, რომელშიც დაამატა კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი – სააგენტო „Аиашара“-ს რედაქტორი ნიზფა არშბა და „Нужная газета“-ს დამფუძნებელი იზიდა ჭანია, რომელთაც რუსული მხარე თანამშრომლობას ედავება დასავლურ ფონდებთან – გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). იქამდე რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოური აგენტების რეესტრში ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი შეიყვანა. აფხაზეთში მომუშავე არა პროსახელისუფლებო ჟურნალისტების რუსეთში უცხოეთის აგენტებად გამოცხადების გარდა, ორ მთავარ ოპოზიციონერს – ლევან მიქაასა და კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
იზიდა ჭანია: „ჩვენი საჩივრები არც განუხილავთ“
„ნუჟნაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი იზიდა ჭანია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს ბრალდებები ეფუძნება ანონიმურ, პრო-სამთავრობო წყაროებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას და არანაირ რეალურ მტკიცებულებას არ შეიცავს.
„სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ ამერიკაში, მაგრამ ანონიმები დარწმუნებული არიან, რომ სკოლა იქ დავამთავრე. იუსტიციის სამინისტროც დარწმუნებულია, რომ ნუჟნაია გაზეტა უცხო ქვეყნის ფულით არსებობს. ასეთი აბსურდული ბრალდებების გასაქარწყლებლად მივმართეთ რუსეთის სასამართლოს ყველა შესაძლო ოფიციალური დოკუმენტით. რა თქმა უნდა, ჩვენი საჩივრები არც განუხილავთ.“
ჭანია იხსენებს, რომ მსგავსი წნეხი ცხოვრებაში პირველად 1989 წელს განიცადა:
„1989 წელს ქართველების დავალებით დამითხოვეს სამსახურიდან, 35 წლის შემდეგ ისტორია მეორდება – ბჟანიას თხოვნით რუსეთში აგენტად მცნობენ.“
ნიზფა არშბა: „ჩვენი მიზანი იყო სიმართლის დაფიქსირება, თუნდაც დავმარცხებულიყავით“
ნიზფა არშბა, ტელეგრამის არხ „აიაშარას“ რედაქტორის თქმით, რუსეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს მან და მისმა კოლეგებმა იზიდა ჭანიამ და ინალ ხაშიგმა („ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარმა რედაქტორმა) რათა გაესაჩივრებინათ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისინი „უცხო ქვეყნის აგენტებად“ გამოცხადდნენ.
„სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი სამივე აფხაზმა ჟურნალისტმა, ვინც ‘უცხო ქვეყნის აგენტებად’ გამოგვაცხადეს.
ჩვენი მიზანი არ იყო გამარჯვება რუსეთის სასამართლოში. არც აფხაზურ სასამართლოში გვქონდა ამის იმედი. თუმცა ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო – სიმართლის დადასტურებისთვის და იმისთვის, რომ მიგვეღო ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.“
არშბას თქმით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად გადასცა მის ადვოკატს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ის უცხო ქვეყნის აგენტად არის აღიარებული:
„მე ვარ აფხაზი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ მედიაში და ვაშუქებ ხელისუფლების ქმედებებს. მე რუსეთის მოქალაქეობაც კი არ მაქვს და ამ მხრივ, სხვებზე მეტად გამიმართლა. მე მაქვს ასევე სასამართლო დავა აფხაზეთის უშიშროების სამსახურთან [ეს სხვა თემაა], თუმცა რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ჩემი ქმედებები საქართველოს ინტერესებს ემსახურება,“ – ამბობს არშბა.
ის იხსენებს, რომ რუსეთის უწყებამ მას ბრალად დასდო სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტებიც:
„2021 წლის თებერვალში ფეისბუკზე დავწერე, რამდენი ფულის მოპარვა შეუძლია აფხაზეთის გმირს. ესეც კი დაურთეს საქმეს. 2025 წლის 25 მარტს გამომაცხადეს აგენტად. მერე აღმოჩნდა, რომ 2024 წელს, როცა ინალ არძინბას გადადგომა მოვითხოვე, თურმე არც ამის უფლება მქონია.“
არშბას თქმით, მასთან დაკავშირებული ბრალდებები შეიცავს აბსურდულ მტკიცებებს – მათ შორის, მითიურ ამერიკულ სტრუქტურაზე, რომელიც თითქოს აფინანსებდა აფხაზურ მედიას:
„წერენ, თითქოს რაღაც სტრუქტურა, რომელიც თეთრ სახლთანაა დაკავშირებული, ასპონსორებდა ჩემს საქმიანობას. ვინც ამ ფულს იპოვის, ნახევარს გავუყოფ,“ – ამბობს ის.
მისივე თქმით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო თავადვე აღიარებს, რომ არ გააჩნია მტკიცებულება ფინანსურ რესურსებზე, თუმცა მაინც აცხადებს მას აგენტად.
„წერენ, რომ ფული არ მიმიღია, მაგრამ ეტყობა მაინც დამავალეს ვწერო მთავრობაზე. ეს ხომ პირდაპირი ზეწოლაა. დიახ, ეს სანქციაა და დიახ, ეს ზეწოლაა,“ – აცხადებს არშბა.
ის ამატებს, რომ აგენტის სტატუსმა მის ცხოვრებაში არაფერი შეცვალა.
„ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის აგენტებისთვის რუსეთში გამგზავრება საშიშია. თუ რუსეთზეც ვწერ, მხოლოდ აფხაზეთის კონტექსტში. ომის დროს იარაღით მოიპოვეს თავისუფლება. ახლა ომი არ არის, მაგრამ სამშობლოს დაცვა მაინც გვმართებს. დაე, ჩამოგვართვან მოქალაქეობა, დაე, გვიწოდონ ‘აგენტები’, მაგრამ პოზიცია უნდა დავიცვათ.“
ინალ ხაშიგი — მესამე ჟურნალისტი „აგენტების სიაში“
„ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი არის მესამე აფხაზი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხო ქვეყნის აგენტად“ აღიარა. მან კოლეგების მსგავსად, სასამართლოს მიმართა სარჩელით გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
კან კვარჩია: „პატრიოტობა დღეს საფრთხის ტოლფასია“
დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციონერი დეპუტატი კან კვარჩია, რომელსაც ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა, ამბობს, რომ აფხაზეთში პატრიოტული პოზიციის დაფიქსირება აფხაზეთში სულ უფრო სახიფათო ხდება:
„დღეს პატრიოტობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა საშიში საქმეა. თუ საუბრობ პრობლემებზე, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების არასწორ ნაბიჯებზე – ეს შეიძლება აღიქვან როგორც ჩვენს მოკავშირე ქვეყანაზე თავდასხმა,“ – განაცხადა კვარჩიამ.
