როგორ გახდა “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი “ლელოს” პიარ-კონსულტანტი? თბილისში მყოფ ჯერემი როზნერთან დაკავშირებით, უკვე მეორე დღეა, ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ. “ლელოში” ამტკიცებენ, რომ ამერიკელ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პოლიტ-ტექნოლოგს, 10 წელიწადზე მეტია, “ნაცმოძრაობასთან” კავშირი არ ჰქონია.
მედიის ინფორმაციით კი, ოპოზიციურ პარტიაში კონსულტანტი სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა. კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტთან ოპოზიციის ნაწილს.
მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილია და ერთი და იგივე პოლიტიკური სათავიდან იმართებიან.
ცნობისთვის, “როზნერ რისერჩის” კვლევას “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელს, არჩევნების დროს, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად იყენებდა და ამომრჩეველს საკუთარ უპირატესობასა და გამარჯვებაში არწმუნებდა.