როგორ ავუაროთ გვერდი რუსეთს? — „ოცნების“ მისია 9 აპრილს

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ, ერთმანეთთან დაკავშირებულ თარიღთან ასოცირდება — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა ჯარმა სასტიკად დაარბია ეროვნული მოძრაობის მშვიდობიანი მიტინგი. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილს ეხმაურებიან პოსტებით, რომელშიც რუსეთს არ ახსენებენ და აქცენტი პროდასავლური ძალების კრიტიკაზე გადააქვთ.
„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა…დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე“, — ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
დღეს არ გამოჩენილა რუსთაველზე, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. ნაცვლად ამისა, სამებაში მივიდა და პროსამთავრობო მედიის გარემოცვაში პარალელი გაავლო საბჭოთა КГБ-სა და კონსპირაციულ “დასავლურ Deep State-ს” შორის.
„რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე — 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს — ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, — იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე”, — განაცხადა მ თავის პოსტის განმარტებისას.
„უცხო ძალაზე“ დაწერა შალვა პაპუაშვილმაც და რუსთაველზე დღეს შეკრებილი მომიტინგეები ისევე მონათლა პროვოკატორებად, როგორც 1989 წლის 9 აპრილის დარბევის შემდეგ საბჭოთა კავშირმა — დარბეული მომიტინგეები.
„1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხას. ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი… ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
9 აპრილის შესახებ პოსტში ან საბჭოთა კავშირი არ უხსენებია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს.
„დიფ სთეითზე“ აქცენტები არ გადაუტანია და საბჭოთა კავშირზე მიუთითა „ოცნების“ მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„9 აპრილი თითოეული ჩვენგანის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი თარიღია – დღე, როდესაც სამშობლოს სიყვარულმა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვამ მთელი ქვეყანა, ყველა თაობა გააერთიანა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში“, — ნათქვამია დავითაშვილის პოსტში.
„უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მათ ხსოვნას“, — ნათქვამია „ოცნების“ პრეზიდენტის, ს განცხადებაში. რუსეთი არც მას უხსენებია.
„სირცხვილი თქვენ, საქართველოს მთავრობავ, რუსები იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა „უცხო ძალა“ და ამის თქმასაც ვერ ბედავთ“, — ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს.

„9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა! 9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა! მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! არა რუსულ ომს! არა რუსულ ძალადობას! იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა! დიდება გმირებს!“, — წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავს არიდებს რუსული ოკუპაციის ხსენებას. მაგალითად, 2023 წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდმა დაბლოკა არაერთი მომხმარებელი, რომელიც საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადების ტონს აკრიტიკებდნენ.
1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 – მოგვიანებით, საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.