„როგორც ცნობილი კრიმინალი, ისე დამაკავეს“ – ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც პოლიციამ „გზის გადაკეტვის“ საბაბით დააკავა, თავისუფალია. მისი თქმით, განყოფილებაში უთხრეს, რომ მისი სასამართლო სხდომა ხვალ, 4 ნოემბერს გაიმართება. გათავისუფლების შემდეგ მას რადიო თავისუფლება ესაუბრა.
„ავტომანქანით მივდიოდი სახლში. ჭიჭინაძის ქუჩის ბოლოში, პარლამენტთან გამაჩერა პოლიციამ, ჩამსვეს მანქანაში – როგორც დიდი და ცნობილი კრიმინალი ისე ამიყვანეს…
არ ვიცი, რის გამო გამომიშვეს. ბოლო წუთამდე მეუბნებოდნენ, რომ იზოლატორში გადამიყვანდნენ, მაგრამ უცებ მითხრეს, რომ ჩემთვის „კარგი ამბავი“ ჰქონდათ“, – უთხრა ნინია კაკაბაძემ რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, პოლიციელებს განყოფილებაში უთხრა, რომ ის ჟურნალისტია და აქციაზე ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა. ნინია კაკაბაძე ონლაინგამოცემა „მედიაჩეკერში“ მუშაობს, სწორედ აქედან გახდა ცნობილი მისი დაკავების შესახებ.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტი, რომელიც დემონსტრაციას აშუქებდა, პოლიციამ „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავა. ასე მოხდა 24 ოქტომბერსაც, როცა პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი.
ის დაახლოებით 40 წუთში გაათავისუფლეს.
„ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ“, – წერდა „პუბლიკა“.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ახალი კანონით გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი