ცოტა სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ ამ თემაზე, ბოლო დღეების განმავლობაში მიდის ქართული აგენტურული პარტიებიდან თავიანთი პატრონების მიმართ თხოვნები, რომ რამენაირად, რაიმე სახის მაშველი რგოლი გადმოუგდონ მათ თავისმა პატრონებმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბარი მაინც დაიწყოს, ვინაიდან ამ მხრივ შედეგს ვერ აღწევს, მათ პატრონებმა მინიმალური საჩუქარი გადმოუგდეს სანქციების სახით, რაც ზელენსკის გააკეთებინეს.
„ბევრი მცდელობაა, მათ შორის, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ლაპარაკი მაინც დაიწყოს ვიზალიბერალიზაციაზე და მის შეჩერებაზე. წარმოიდგინეთ, რამხელა მავნებლობაში არიან შესულები, რომ ვინმემ იქნებ ლაპარაკი მაინც დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეო. გასაგებია, რომ შეუძლებელია, ის ოთხი კრიტერიუმი არსებობდეს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება ინიცირება მოხდეს ამისი და ეს სიგიჟეა, წარმოუდგენელია, მაგრამ, ლაპარაკი მაინც, განცხადებების დონეზე მაინც იქნებ დაიწყონო.
ამას და სხვა რაღაცებს თუ ვერ ახერხებენ, ეს მინიმალური საჩუქარი როგორც ჩანს გადმოუგდეს და ეს მინიმალური საჩუქარი გააკეთებინეს მათთვის ზელენსკის, მაგრამ, ქართული საზოგადოება, ყველაფერს ხვდება ბოლო დროს. წარმოიდგინეთ, რეაქციები ჩვენგანაც არ იყო, როდესაც აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ვაჩერებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს: თავისუფალ მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს, რაც თავისუფალ მიმოსვლაში იგულისხმება, ფრენებს – არც ერთი გვაქვს, არც მეორე, არც მესამე, რა გააჩერეს?
სასაცილოდ არ ჰყოფნის უკვე ხალხს და ეს ჩვენ თვითონ ვამბობთ, რომ ურტყამს ჩვენი პარტნიორების იმიჯს. ზოგიერთი ადმინისტრაციის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს აუფასურებენ და დასავლეთს ზოგადად, ქართველების თვალში მაქსიმალურ დისკრედიტაციას თავად უკეთებენ და ჩვენ ვართ ისევ ის ხალხი, რომლებიც ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.