“როგორც კი EU-ს წევრი გავხდებით, კრეატიული ინდუსტრია 10-ჯერ გაიზრდება” – მარკეტერი

კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” მარკეტერი, ლევან ლეფსვერიძე BMGDrive-ის ეთერში ქართული კრეატიული ინდუსტრიის პოტენციალს აფასებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და გამარჯვება, როგორიცაა, მაგალითად, “კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე” ქართული სააგენტოს მიერ Grand Prix-ს მოგება, ამ მიმართულების განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს.
“ჩვენი კრეატიული ინდუსტრია რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყველაზე ძლიერია, კითხვის ნიშნის გარეშე. მთავარია, ასე გავაგრძელოთ, უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომლის განვითარებაშიც საერთაშორისო ჯილდოები გვეხმარება, რადგან ყველა კარს აღებს. სულ სხვანაირად გიყურებენ მერე [უცხოელი დამკვეთები], აღარ ხარ უცნობი ქვეყნის უცნობი სააგენტო, არამედ, გასაღებივით გიჭირავს ხელში, რომ მსოფლიო დონის ჯილდო გაქვს.
ეს უნდა გადაითარგმნოს, და დარწმუნებული ვარ გადაითარგმნება, მეტ კოლაბორაციაში, საქართველოში გაჩნდება მეტი საერთო პროექტი. ეს პროექტიც, რომელმაც Grand Prix მოიგო, არის კოლაბორაცია და ამაშია სილამაზე, რომ გერმანულმა სააგენტომ იმუშავა ჩვენთან ერთად და გამოვიდა სუპერ ნამუშევარი”, – ამბობს ლევან ლეფსვერიძე.
იგი აღნიშნავს, რომ უცხოურ სააგენტოებთან თანამშრომლობა საქართველოში განსხვავებული პროექტების შექმნის შესაძლებლობას აჩენს.
“რაც შეიძლება მეტი უცხოელი კლიენტი უნდა მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტ უცხოელ სააგენტოსთან უნდა გვქონდეს კოლაბორაცია და ასე გავიზრდებით. ასე მოგვეცემა განსხვავებული რაღაცების კეთების საშუალება. თორემ ისე ვართ ერთი პატარა ინდუსტრია, პატარა ქვეყანაში ჩაკეტილი, სადაც ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ, სხვებთანაც უნდა ვითანამშრომლოთ”, – განმარტავს ლეფსვერიძე.
მარკეტერი BMGTV-ის ეთერში იმ ქვეყნების მაგალითებზე საუბრობს, რომლებიც კრეატიულ სფეროში წამყვან ინდუსტრიებად იქცნენ და აღნიშნავს, რომ მათი მაგალითის გასაზიარებლად საქართველოს ევროკავშირის წევრობა სჭირდება.
“რუმინეთი არის ქვეყანა, რომელიც არსაიდან აღმოცენდა და უცებ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კრეატივი. სხვათა შორის, ძალიან ჰგავს საქართველოს ისტორია რუმინულს, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ისინი ევროკავშირის წევრები არიან და ჩვენ წყალივით გვჭირდება, რომ ამის გამო არ დავიბლოკოთ.
ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, როდესაც დავბლოკილვართ იმის გამო, რომ მათ სასამართლო სისტემაში არ ვიყავით ჩართულები. უცხოელი კლიენტი ასე ვერ გენდობა, რომ დიდი ბიუჯეტი განდოს, რადგან, რომ რამე, ვერ გიჩივლებს, ან სასამართლოში საქმე წლობით გაეწელება. მაგრამ, როგორც კი ჩვენ გავხდებით EU-ს წევრი, ჩათვალეთ, რომ ინდუსტრია 10-ჯერ გაიზრდება და ამას მოჰყვება დომინოს პრინციპით მომიჯნავე ინდუსტრიების ზრდა. კრეატიული ინდუსტრია კი თავის მხრივ მთელ ეკონომიკას აძლიერებს”, – აღნიშნავს ლევან ლეფსვერიძე.
ცნობისთვის, Cannes Lions International Festival of Creativity-ზე Leavingstone-ის სააგენტომ პიარისა და ფილმის კატეგორიებში ბრინჯაოს პრიზი მოიგეს, Grand Prix კი კომპანია Metro Production-ის მიერ საქართველოში გადაღებულმა ვიდეოპროექტმა მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ