როგორი იყო გიორგი გახარიას პოლიტიკური გზა და რატომ დაუპირისპირდა მმართველ პარტიას

“ბასიანში” შევარდნა მტკიცებულებების გარეშე და ახალგაზრდებთან დაპირისპირება, პანკისის ხეობის წარუმატებელი სპეცოპერაცია და პოლიციის დისკრედიტაცია, 20 ივნისის აქციის დაშლა და წყლის ნაცვლად რეზინის ტყვიების გამოყენება. ჯერ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნა, შემდეგ კი უარი მის დაკავებაზე, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიცია თვითმმართველობებში. 8 წელი “ქართულ ოცნებაში” და 3 წელი ოპოზიციაში.
ტელევიზიის არქივი ყველაფერს ინახავს.
ძალის ჩვენება, მცდელობა ნომერი 1 – რეიდი სტუმრებით სავსე კლუბში, ბევრი პოლიციელით, ძალის გამოყენებით და დემონსტრაციულად. ძალის ამ ფორმით ჩვენებას რაღაც განსხვავებული, საპასუხო რეაქცია მოყვა, ახალგაზრდების მშვიდობიანი პროტესტი ცეკვით. აღმოჩნდა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ამ პრიტესტმა უფრო მიიღო, ვიდრე პოლიციის რეიდმა. პროცესი ჩიხში შევიდა – გახარიას პროექტი პირწმინდად ჩავარდა და მას სიტუაციის განსამუხტად ერთადერთი გზა დარჩა.
ბოდიშს აქტივისტების მხრიდან საკუთარი გამარჯვების აღსანიშნავი ოვაციები მოყვა. შს მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა მეტ-ნაკლებად მოიხსნა და გადაცდომებთან დაკავშირებით ტვირთი იმ პოლიციელებზე გადაიტანა, რომლებსაც კლუბში შევარდნა უბრძანა.
ძალის ჩვენების მცდელობა ნომერი 2 – ნარკოპოლიტიკის შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებით ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება გადაწყდა. სვანეთში ტყის უკანონო ჭრის საქმეზე ფინანსურ პოლიციასთან ერთად დამატებითი ძალები შევიდა, რამაც თავდაპირველი დაპირისპირება უფრო მეტად გაამწვავა.
ადგილობრივებმა პოლიციის დამატებითი ძალების გამოჩენა ხელების გადაგრეხის მცდელობად მიიღეს, რამაც ეკოლოგიური საკითხების მოგვარების ნაცვლად, რისკის ქვეშ ადამიანების სიცოცხლე დააყენა.
მოსახლეობასთან მოლაპარაკება, მათი საკმარისად ინფორმირება და გადაწყვეტილების გართულებების გარეშე მიღება, გახარიას ძლიერი მხარე არც პანკისში აღმოჩნდა. იქ ქაოსის, მძიმე დაპირისპირების და პოლიციის უსუსურ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი სოფელ ძიბახევთან “ხადორი 3-ის” ჰესის მშენებლობის საკითხი გახდა.
ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად, სოფელში სამშენებლო ტექნიკა შეიყვანეს, ისევ პოლიციის თანხლებით. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირების რამდენიმე ტალღა, დაიწვა როგორც სამშენებლო, ასევე პოლიციის მანქანები და ტექნიკა, დაშავდნენ ადამიანები. ვითარება პანკისში არც გიორგი გახარიას ჩასვლის და უხუცესებთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განიმუხტა.
საბოლოოდ, გახარიას ხალხთან ახლოს მისვლა და მათთვის სასურველი ინფორმაციის გაჟღერება მოუწია, თუმცა მანამდე იყო თავდაჯერებულობის ჩვენების მცდელობა და უცნაური დიალოგი ჟურნალისტებთან.
გახარიას მიღებული გადაწყვეტილებების ნუსხაში ყველაზე მეტი შავი, უფრო სწორად წითელი ლაქა, 20 ივნისის მოვლენებმა დატოვა.
მაშინ, როდესაც პარლამენტის შენობა პოლიციელებით იყო სავსე და შენობის რკინის მაღალი ჭიშკარიც ჩაკეტილი იყო, ჭიშკრის გარეთ, აღელვებული აქციის მონაწილეების წინ ე.წ. რობოკოპების რამდენიმე ხაზი ჩააყენეს. სიტუაცია სწორედ ამ მომენტის შემდეგ გამწვავდა, იყო დაპირისპირების რამდენიმე ტალღა. დიდი რაოდენობით რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენება, ნადირობა აქტივისტებზე და შეტაკებები, რასაც ათეულობით ადამიანის, მათ შორის პოლიციელების და მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მოყვა.
20 ივნისის მოვლენების გამო ბრალდებული ს დაკავების საკითხი გახდა გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის ბოლო გამოწვევა. ამას წინ უძღოდა პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა, რასაც მხარს უჭერდა გიორგი გახარია, თუმცა შემდეგ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედვად, მელიას დაკავების გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

2021 წლის თებერვალში მელია მხარდამჭერებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში იყო გამაგრებული და ამბობდა, რომ პოლიციას მისი აყვანის შესაძლებლობას არ მისცემდა. ამ შემთხვევაში გიორგი გახარიამ დაკავების ოპერაციის ჩატარება რისკის შემცველად შეაფასა და საკვანძო მომენტში დანიშნულ ბრიფინგზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა. დანიშვნიდან რამდენიმე საათში შს სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია გართულებების გარეშე, 1 საათზე ნაკლებ დროში ჩაატარა.
იმავე წელს გიორგი გახარია უკვე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერის რანგში ჩაერთო და შედეგების გამოცხადების შემდეგ ოთხ მუნიციპალიტეტში “ნაციონალურ მოძრაბასთან” ერთად კოალიცია შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას