როგორი იქნება ეკონომიკა საშუალო და გრძელოვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული – ექსპერტები

სავალუტო ბაზარზე აბსოლუტური სტაბილურობაა, რაც ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა პოლიტიკური სიტუაცია დაწყნარდება, – ასეთია ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნაწილის პროგნოზი.
როგორც ფინანსისტები მიანიშნებენ, სამომავლოდ გამორიცხული არ არის, ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვაც კი დაიწყოს ბაზარზე, რათა ლარის მკვეთრად გამყარების პროცესი შეაჩეროს და რეზერვებიც შეავსოს.
როგორი იქნება იგი საშუალო და გრძელოვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, რისი მოლოდინიც ჯერჯერობით პოზიტიურია. რაიმე გართულება ეკონომიკას არ დაემუქრება.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ელის, რომ გაურკვევლობა არ გაგრძელდება და შემდეგ პერიოდში ქვეყანაში მშვიდობა იქნება, მათ შორის ლარის კურსთან მიმართებითაც. პროგნოპზი პოზიტიურია – ს შემდეგ დადებითი ტენდენციები იქნება და კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს.
„პირველ რიგში გეტყვით, რომ გაურკვევლობა არ გაგრძელდება. მე მგონი ძალიან დიდი სიცხადე შემოვიდა არჩევნებით, ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ქართველმა ხალხმა. მოსახლეობამ მისცა მანდატი ხელისუფლებას. არჩევანი გაკეთდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემდეგ პერიოდში გვექნება სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ეკონომიკური განვითარებისთვის.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიდგომებს, სრულად მინდა მხარი დავუჭირო მის პასუხისმგებლიან პოლიტიკას. ეს გადაწყვეტილებები იყო აუცილებელი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური სტაბილურობა იმ პერიოდში, როდესაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად იდგა. იყო წნეხი სწორედ ბუნდოვანების თუ გაურკვევლობის, არჩევანის გაკეთებამდე, ხოლო არჩევანის გაკეთების შემდეგ, ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა. პირიქით, იქნება სიცხადე და დადებითი ტენდენციები”, – განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ რეზერვის ფუნქცია სწორედ ასეთი როლის შესრულებაა, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ შოკის და გამოწვევების დროს.
პოზიტიური განწყობა იგრძნობა ფინანსისტების ნაწილშიც. საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ არჩევნებიდან ძალიან მალე გამოიკვეთა ლარის სტაბილურობა, რაც დიდ იმედს იძლევა და გაუფასურების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. ამასთან, ეკონომიკური პარამეტრები მწყობრშია და არ უნდა გამოიწვიოს ტენდენციიდან გადახრა. ბევრი რამ პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად, პროტესტი გაგრძელდება თუ რამდენიმე დღეში გაჩერდება.
,,საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება ლარი, რაც არჩევნების შემდგომი პერიოდის კვალობაზე, საუკეთესო შედეგია. ცოტა არ იყო, ნეგატიური მოლოდინი სჭარბობდა, მაგრამ რეალობამ საპირისპირო აჩვენა. ლარის კურსთან დაკავშირებით წლის ბოლომდე რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ ველოდები. არსებული მაკროეკონომიკური გარემო ამ ეტაპზე ჯანსაღად გამოიყურება. მთავარია, ეროვნული ბანკი ყველა შესაძლებლობას იყენებს კურსის გასამყარებლად და დროულდინტერვენციებს მიმართავს. არ მგონია, რომ გაცვლით კურსს რაიმე დაემუქროს.
ველოდები, რომ უახლოეს მომავალში ლარი კიდევ გამყარდება. არჩევნების შემდგომ აქტივობისათვის განკუთვნილი ფულის დიდი ნაწილი სწორედ ახლა იხარჯება, პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ ფულის ხარჯვა, შესაბამისად, მნიშვნელოვანი წილი უცხოური ვალუტისა გადახურდავდება ეროვნულ ვალუტაში. ინტერვენციები გააქტიურდება, ანუ ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებაზე იმუშავებს.
ამ ეტაპზე ვერ ვხედავ გაუფასურების საფუძველს, მით უფრო, რომ ინფლაცია დაბალია, მატება არ შეიმჩნევა. ამასთან, ეკონმომიკური ზრდა საშუალოზე მაღალია, ეს კი დიდ როლს ასრულებს ვალუტის სტაბილურობისთვის.
რაც შეეხება ფულადი ტრანსფერების მოძრაობას, რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებითაც არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და ფულადი ნაკადები აქტიურად შემოედინება. ამდენად, არ არის მიზეზი, რამაც შეიძლება კურსზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს”, – აღნიშნა ფინანსისტმა.
თუთბერიძის აზრით, ახლა მთავარია, პოლიტიკური ვითარებაც დამშვიდდეს და მოიხსნას დაძაბულობა, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე გაჩნდა და გარკვეული პროტესტიც გამოიწვია. სამომავლოდ კი კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია, რამდენად არაძალადობრივი სიტუაცია შეიქმნება ქვეყანაში, ხოლო ამის ნიშნება ჯერჯერობით არ იკვეთება და რისკიც ნაკლებადაა.
,,ექსცესები არ არის და ეს კურსის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ინვესტორებსაც დააფრთხობს და შეიძლება რეზერვების გატანის პროცესს სტიმული მიეცეს.
ჯერ კიდევ არის ფსიქოლოგიური ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა, მაგრამ მცირე დოზით, ამიტომ ეკონომიკურ სტაბილურობაზე გავლენას ვერ ახდენს. სხვა არაფერი მეტყველებს, რომ ეროვნულ ვალუტას ახლო მომავალში რყევა ექნება. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში როგორ მოიქცევა ლარი, ეს უკვე დიდწილად მაკროეკონომიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.
როგორც ექსპერტები ფიქრობენ, თუკი მომავალში სიტუაცია დაიძაბება, ეს უფრო ხელოვნურად იქნება შექმნილი და ისეთ გაგრძელებას არ ჰპოვებს, რამაც შეიძლება სავალუტო ბაზარზე პრობლემა შექმნას. ასე ფიქრობს ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის შეფასებითაც, მცირე ინტერვენციების მეშვეობით ეროვნული ბანკი მომავალშიც შეძლებს სტაბილურობის შენბარჩუნებას და ეკონომიკას ამ მხრივ საფრთხე დაემუქრება.
,,რასაც ვუყურებ, არ არის ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რომ ეკონომიკაში რაღაც საგანგაშო იყოს, თუმცა, რასაკვირველია, ლარის უმნიშვნელო ვარდნა იქნება. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი ამ სიტუაციას დაარეგულირებს, რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მთავარია, რაღაც აქტიური ქმედებები დაიწყოს მთავრობამ, პერსპექტიული საინვესტიციო პოლიტიკის გატარებით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს ლარის კურსთან დაკავშირებულ პრობლემას.
სავალუტო ნაკადები აკლია ეკონომიკის რეალურ სექტორს, ამიტომ ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენი ქვეყუნის მთავრობის ინიციატივებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე. ეს მიმართულება თუ განვითარდება, ჩვენ არც ლართან დაკავშირებით გვექნება პრობლემა.
სებ-ს მცირე ინტერვენციების მეშვეობით ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება არ გაუჭირდება. ამით აიხსნება დადებითი მოლოდინი ეკონომიკაში, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით სტაბილურობაა, მაგრამ რაკი ლარის კურსზე ვსაუბრობთ, მიმაჩნია, რომ არჩევნების შედეგიდან გამომდინარე, სავალუტო ბაზარზე პრობლემა მოსალოდნელი არ არის. აჟიოტაჟი უფრო ხელოვნურად შექმნილია, მეტი არაფერი ხდება”, – აღნიშნა ხომიზურაშვილმა.
არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მეტ-ნეკლებად სტაბილურია. ამ ეტაპზე, არ არსებობს ისეთი მოცემულობა, რაც ეკონომიკას სამომავლოდ პრობლემას შეუქმნის. ამას ადასტურებენს, როგორც ანალიტიკური ცენტრები, ისე ეკონომისტთა ნაწილი. მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია, რაც ეკონომიკაზე ცუდ გავლენას მოახდენს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არც პოლიტიკური ვნებათაღელვა შეინიშნება და შესაბამისაც, არც ეკონომიკური ფონი გაუარესებულა. ასეთია ანალიტიკოსების დიდი ნაწილის მოსაზრება. მაგალითად, “გალტ ენდ თაგარტში” მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და ამიტომ არ შეიცვლება ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა.
საინვესტიციო ბანკის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შემდგომ განვითარებული მოვლენებია შეჯამებული, ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო შაბათ-კვირის შემდეგ, საქართველოს სუვერენულ ევრობონდზე სარგებლის განაკვეთი 60 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა. მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო 2024 წლის მაის-ივლისის პერიოდში.
“გალტ ენდ თაგარტი” მიუთითებს, რომ მისი პროგნოზი უცვლელია. შესაბამისად, საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში მიმდინარე წელს – 9%-იან, ხოლო 2025 წელს 6%-იან ზრდას ელის.
“ჩვენ ვინარჩუნებთ მშპ-ს პროგნოზს 2024 და 2025 წლისთვის და მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური გაურკვევლობა ხანმოკლე იქნება და არ შეცვლის მოკლე და საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას”, – აღნიშნავენ “გალტ ენდ თაგარტში”.
რაც შეეხება ეკონომისტების შეფასებას, მათი აზრით, ამ ეტაპზე, ეკონომიკას ანარაინი პრობლემა არ ელის. როგორც “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციის წევრმა ბაჩო ჯინჭარაძემ განაცხადა, სამომავლო სიტუაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დოზით იქნება პოლიტიკა ეკონომიკაში შეზავებული.
“პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ ის, რომ არჩევნებამდე საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენცია გვქონდა. ეკონომიკური პარამეტრები მუდმივად იზრდებოდა. ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ-ერთი მოწინავე ვიყავით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც, მაგრამ ყოველი არჩევნები, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმერ ქვეყანაში, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე. მაგალითად, წნეხი იზრდება ეროვნული ვალუტის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა აქვს წინასაარჩევნო გარემოს.
რაც შეეხება შემდეგომ მოცემულობას. ნათქვამია, რომ პროგნოზის გაკეთება ცოტა უმადური საქმეა და მართალია კიდეც, თუმცა როდესაც პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. გააჩნია, რა დოზით იქნება შეზავებული პოლიტიკა ეკონომიკაში. ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად თუ რაიმე სახის სანქციები შეიძლება მოჰყვეს ჩატარებულ არჩევნებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე გარკვეული ზეგავლენა იქნება. მით უმეტესს, ჩვენ პატარა ეკონომიკა და პატარა ქვეყანა გვაქვს, თუმცა ჯერ არსებითად რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი არ თქმულა, რისი მიხედვითაც ვივარაუდებთ, რომ ეკონომიკა ცუდი მიმართულებით წავა.
ამ ეტაპზე რაიმე დრამატული სურათის დახატვა არ იქნება სწორი. სჯობს, დაველოდოთ მიმდინარე მოვლენებს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც უნდა აღიარონ ჩვენი არჩევნები. მიმდინარე ეტაპზე, რაიმე ცვლილება არ შეიმჩნევა, ეკონომიკა ჩვეულებრივად მუშაობს”, – განაცხადა ბაჩო ჯინჭარაძემ.
დღევანდელ მოცემულობაში ეკონომისტების მოსაზრება ორად იყოფა. ექსპერტთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა, რასაც ეკონომიკაზე ექნება ასახვა. ასეთი მოსაზრება აქვს სტატისტიკოს გივი მომცელიძეს და მიაჩნია, რომ პოლიტიკური მდგომარეობა აფრთხობს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ინვესტორს და ტურისტსს.
“ჩემი მოსაზრებით, პოლიტიკური გარემო ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნის. ვნებათაღელვის პროცესი არ დასრულებულა. ერთ მხარეს არის პარტია, რომელიც აღნიშნავს გამარჯვებას და თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა, მეორე მხარეს არის ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გამო არ შედის პარლამენტში. პლუს არის საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის უდიდესმა ნაწილმა გამოთქვა შეშფოთება, რომ არჩევნები არ არის კარგად ჩატარებული. გარდა რამდენიმე მეზობლისა, რომლებიც დიდად დემოკრატიულობით არ გამოირჩევნიან.
ამ ყველაფრის შესაბამისად, ჩემი აზრით, პოლიტიკური დაძაბულობა ისევ გრძელდება, რაც, რა თქმა უნდა, აფრთხობს მოქალაქეებს, რადგან რისკის ხედავენ. ასევე აეჭვებს პოტენციურ ინვესტორს, ტურისტს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველოსთან აქვს რაიმე ეკონომიკური კავშირი. შეუძლებელია, ამ სიტუაციამ მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში რაიმე ასახავა არ მოახდინოს ეკონომიკაზე. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი, რა მოხდება, არავინ არ იცის.
წინასაარჩევნო პერიოდში რეზერვების ამ რაოდენობით დახარჯვა სწორედ იმაზე მეტყველებდა, რომ არ იყო ჯანსაღი სიტუაცია. ლარის კურსის ცვლილებას დიდად ვერ ვამჩნევდით, 2.70-დან 2.75-მდე გაუფასურდა. ეს დიდი არაფერი რყევა არ არის, მაგრამ ამისთვის, რეზერვების ძალიან დიდი რაოდენობა დაიხარჯა.
წარმოიდგინეთ, წინასაარჩევნოთ ასეთი მდგომარეობა იყო და შემდეგ რა იქნება, როცა არ დაწყნარებულა სიტუაცია. ისევ დოლარების გამოტანა მოუწევს სებ-ს, მაგრამ სულ ხომ არ დახარჯავს? ჯერ ისევ ბევრი რეზერვი გვაქვს, მაგრამ თუ ასეთი ტემპით ვხარჯეთ, შესაძლოა, რამდენიმე თვეში საერთოდ ნულამდე დავიდეს”, – განაცხადა გივი მომცელიძემ.
წყარო: რეზონანსი