როგორი იქნება და ვის ეკუთვნის $20 მილიონიანი „მზიური ბიზნესცენტრი“, რომელიც მომავალ წელს გაიხსნება

მომდევნო წლიდან თბილისს კიდევ ერთი მრავალფუნქციური ბიზნესცენტრი შეემატება, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მზიურის პარკსა და ზოოპარკს შორის მდებარეობს.
„მზიური ბიზნესცენტრი“ 7 სართულიანი შენობაა, რომელიც მოიცავს 10 000 კვ.მ. გასაქირავებელ ფართს საოფისე და კომერციული დანიშნულებისთვის. ბიზნესცენტრში გათვალისწინებულია 400 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცე.
პროექტის საერთო ინვესტიცია 20 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბიზნესცენტრის ნახევარზე მეტი ფართი უკვე გაქირავებულია.
ვინ არის დამკვეთი?
ვერეს ხეობაში მრავალფუნქციური კომპლექსის დეველოპერი კომპანია „გამაა“. კომპანიის დირექტორი და 10%-იანი წილის მფლობელი ლევან ლაფანაშვილია, ლევან ჭიორელი 20%-ს, ხოლო შპს გლობალ ინვესტი 2022 და შპს ევრაზია რორო ლაინ 35%-35%-ს ფლობენ.
თავის მხრივ ლევან ჭიორელი მნიშვნელოვან წილებს ფლობს სხვადასხვა კომპანიებში მათ შორის, სურსათის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი შპს „კასკო 2015“-ში (30%), imovies.ge-ს მფლობელი კომპანიის 100%-იან წილს და სხვა, გარდა ამისა ის Myvideo-თან და adjaranet.com-ის მფლობელი კომპანიის ყოფილი მეწილეცაა.
ლევან ჭიორელი პარტიების აქტიური შემომწირველია, „საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წელს მან „ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი, ხოლო იმავე რაოდენობის თანხა 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ უწილადა.

ასევე დაგაინტერესებთ