„როგორია ჩემი ერთი დღე აქციაზე — ასეთი კითხვაც დაისვა“ — ლინა ღვინიანიძე აქციების საქმეზე გამოკითხეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ლინა ღვინიანიძე დღეს სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოკითხეს.
ღვინიანიძე გამოკითხვაზე დაბარებული იყო რუსულ კანონის საწინააღმდეგო აქციების საქმეზე სისხლის სამართლის მუხლებით დაწყებულ გამოძიების ფარგლებში.
ღვინიანიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისთვის როგორც აქციების რიგითი მონაწილისთვის, გაუგებარია რა კითხვები შეიძლება ჰქონოდა მასთან გამოძიებას:
„როდესაც დაიწყო გამოკითხვა, ჩემი მთავარი კითხვაც იყო იმის თაობაზე, რომ არ ვიყავი ინფორმირებული რა დღესთან ან ეპიზოდთან დაკავშირებით ექნებოდა გამოძიებას კითხვა, თუმცა მითხრეს რომ ქრონოლოგიურად, ნებისმიერ დღესთან დაკავშირებით შეიძლებოდა დაესვათ და მართლაც ასე წარიმართა ეს გამოკითხვა.
იყო ძალიან ზოგადი კითხვები, ზოგადად ვმონაწილეობდი თუ არა აქციებში, ზოგადად გამოვხატავ თუ არა აზრს, სად ვდგავარ და ა.შ. როგორია ჩემი ერთი დღე აქციაზე, ასეთი კითხვაც კი დაისვა და გარდა ამისა ჰქონდათ კითხვები საჯარო გამოხატვასთან დაკავშირებით. ხომ არ ვწერდი სტატუსს, სადაც ადამიანებს მოვუწოდებდი, ხომ არ მივმართავდი მოქმედებისკენ ან ხომ არ ვემორჩილებოდი ვინმეს მოწოდებას გადაადგილებასთან დაკავშირებით აქციაზე“ — ამბობს ღვინიანიძე.
მისი თქმით, გამოძიებას უფრო კონკრეტული კითხვები ჰქონდა გმირთა მოედნის ეპიზოდთან დაკავშირებით. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებების მიზანი აქციის რიგითი მონაწილეების გამოკითხვაზე დაბარებით შესაძლოა საზოგადოებაში შიშის დათესვა იყოს. ღვინიანიძე არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა უწყების მიზანი ვინმეს წინააღმდეგ ბრალის მომზადება იყოს:
„ასევე კითხვები შეეხებოდა გმირთა მოედნის ეპიზოდს და ამაზე იყო შედარებით დეტალური კითხვები — სად ვიყავი, რას ვაკეთებდი და ა.შ. გამოკითხვა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ჩემთვის გაუგებარია რა შემხებლობა შეიძლება მქონდეს ან რა შეიძლება ჩემს მიმართ, აქციის რიგითი მონაწილის მიმართ,იყოს ისეთი რაც საგამოძიებო ორგანოს აინტერესებს.
მე ვფიქრობ რომ როდესაც ჩემნაირი რიგით მონაწილესაც კი გამოკითხვაზე იბარებენ ასეთ გაუგებარ და ბუნდოვან მუხლებზე გამოძიების ფარგლებში, მიზანი შეიძლება იყოს შიშის დანერგვის მცდელობა. კითხვები შეეხებოდა ისეთ მონაწილეობას აქციაზე, რომელიც არის შეკრების თავისუფლებით დაცული და ვფიქრობ ამის მიზანი არის შიშის გაჩენა ადამიანებში და არ არის გამორიცხული კიდევ ბევრი ადამიანი დაიბარონ გამოკითხვაზე. ან/და შესაძლოა ვინმეს წინააღმდეგ ამზადებდნენ ბრალს“ — ამბობს ლინა ღვინიანიძე „ნეტგაზეთთან“.
რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222; 225 და 226 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას/ბლოკირება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.