როგორია ვეტოს პროცედურა და როგორ მოიქცევა პრეზიდენტი

„არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია. არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინო“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ რუსულ კანონზე ვეტოს დადების ფარგლებში არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში“ მმართველ გუნდთან.
რუსული კანონის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ვეტოს ფარგლებში შესაძლო გამოსავლის პოვნაზე მიანიშნეს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე -სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩ ს თქმით, ყველაზე
საუკეთესო გამოსავალი კანონპროექტის საერთოდ გაუქმებაა, სხვა შემთხვევაში კი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღება. უფრო ხისტი პოზიცია ჰქონდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს, რომ კანონპროექტს „კოსმეტიკური შესწორებები ვერ გააკეთილშობილებს“.
რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებითაც.
პრეზიდენტის განცხადებამ გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა, რომ შესაძლებელია ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენის გარეშე აპირებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას. პარლამენტის რეგლამენტი ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
როგორია ვეტოს პროცედურა?
ვეტო არის მოტივირებული შენიშვნები, რომლითაც პრეზიდენტს შეუძლია, დაწუნებული კანონი პარლამენტს უკან დაუბრუნოს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს. პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. თუ საქართველოს პრეზიდენტმა არც ხელი მოაწერა კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
უფრო დაწვრილებით ვეტოს პროცედურა გაწერილია პარლამენტის რეგლამენტში. ეს უკანასკნელი აკონკრეტებს, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით. პირველ რიგში კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას. თუ პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ითვლება.
ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ახლა კრიზისზე პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილზე გადააქვს, შეუძლია არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს და სამი მოსმენით მიღებული კანონიც ჩააგდოს.
როგორ მოიქცევა პრეზიდენტი?
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უკვე შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობის სალომე ზურაბიშვილზე გადანაწილება იქნება შესაძლებელი, ისაა, თუ პრეზიდენტმა არც ხელი მოაწერა კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებულია, თავად მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს კანონპროექტი უცვლელად.
„იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ გზით არ წავა“, — ამბობს ხმალაძე.
ამასთან, ხმალაძე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერს, რომლის თანახმადაც მოტივირებულ შენიშვნებს კანონპროექტის სახე უნდა ჰქონდეს და არ გამორიცხავს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის გარეშე იქნას წარმოდგენილი.
„რეგლამენტის ჩანაწერი, ჩემი აზრით, სწორი არ არის, რადგან ეს დამატება ფაქტობრივად ზღუდავს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ვთქვათ, პარლამენტმა მიიღო კანონი — ახალი ან მოქმედში შესწორება — რომელიც სულ ერთი მუხლისგან შედგება, მაგალითად, დამატება სისხლის სამართლის კოდექსში, რომ გარკვეული სახის დანაშაულისთვის შემოღებული იქნას სიკვდილით დასჯა. როგორ უნდა მოიქცეს პრეზიდენტი, რა შესწორება უნდა შეიტანოს ერთმუხლიან კანონპროექტში? კანონპროექტის სახე როგორ უნდა მისცეს — ცარიელი ფურცელი შეიტანოს ამ ნორმის ნაცვლად? გამოდის, რომ რეგლამენტის ამ დამატებით პრეზიდენტს ერთმევა უფლება, მთლიანად კანონის ხელმოწერაზე თქვას უარი. რადგან რეგლამენტის შეზღუდვა არაკონსტიტუციურად მიმაჩნია, მე ვფიქრობ, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, ისარგებლოს კონსტიტუციის მოცემული ნორმით და მოტივირებული შენიშვნები და ამ კანონის მიუღებლობის დასაბუთება დაწეროს ზოგადად — არ შესთავაზოს მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით. თუ პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, მაშინ ეს კანონი მოკვდება“, — ამბობს ხმალაძე.
მეორე სცენარში, ხმალაძის თქმით, პრეზიდენტს შეუძლია არსებითად (სათაურიანად) შეცვლილი კანონპროექტი წარადგინოს.
„საშუალება აქვს, შეარჩიოს ერთ-ერთი ვერსია. როგორ მოიქცევა, ვერ გეტყვით. მთავარია, პრეზიდენტმა წარადგინოს მოტივირებული შენიშვნები. კანონპროექტის სახით იქნება ეს შენიშვნები თუ მთლიანად კანონის მიუღებლობა იქნება დასაბუთებული, პარლამენტი ვალდებული იქნება, განიხილოს და კენჭი უყაროს. პრეზიდენტის შენიშვნების მიღება კანონის გაუქმების ტოლფასი იქნება. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი უნდა უყაროს პირვანდელ რედაქციას, რომელმაც თუ 76 ხმა ვერ დააგროვა, ის ჩაგდებულად ითვლება და ეს კანონი კვდება. ასე რომ, პასუხისმგებლობის პრეზიდენტისთვის დაკისრება არსებითად არასწორია“, — განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
ის არ გამორიცხავს, პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, პარლამენტმა, როგორც ამას აკეთებს ხოლმე ოპოზიციის მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, გააჭიანუროს პრეზიდენტის შენიშვნების განხილვის პროცესი, რაც ფაქტობრივად „მიღებული კანონის უჯრაში ჩადება იქნება“.
ხმალაძისგან განსხვავებით, იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტი არ მოამზადებს და არ წარადგენს კანონპროექტს (ვეტო) ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ მან „რუსულ კალკს“ არც ხელი მოაწერა და არც მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.
„ეს ბოლომდე ბრძოლის მიტოვება და მოწინააღმდეგისთვის თავისი ზრახვების საბოლოო გაფორმების კომფორტი იქნება. ვეტო არის/უნდა იყოს რუსული კალკისგან არსებითად განსხვავებული კანონპროექტი, რომელსაც ამზადებს/წერს და პარლამენტში აბრუნებს პრეზიდენტი“, — ამბობს ალაფიშვილი.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის თქმით, „ვეტო იქნება იურიდიულად და ტექნიკურად გამართული“, ამავდროულად, „ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების რამე შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება“. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელთანაც, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თანამშრომლობს, ვენეციის კომისიაა. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონზე მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს.