„რიყის დოქების“ გარდა, ქალაქს იერსახეს უკარგავს ისეთი პროექტები, როგორიცაა ესტაკადა გმირთა მოედანზე, „ბუდა-ბარი“, კაზინო „შანგრილა“, საბაგირო რიყეზე, პრეზიდენტის სასახლე – ურბანისტი
თბილისში არაერთი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ,,რიყის დოქები” პირველი პრეცედენტია, როცა მასშტაბური ნაგებობის დემონტაჟი გადაწყვეტილია. იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომები არ იქნას დაშვებული და ქალაქის განვითარება სწორად განისაზღვროს, სპეციალისტები გამოსავალს მშენებლობის მიმართ კონტროლის გამკაცრებაში ხედავენ. ამასთან, უნდა დამუშავდეს თბილისის ხედვითი კორიდორების პროექტი, სადაც მოხდება უკვე აშენებული შენობების აღრიცხვა და განისაზღვრება ისიც, რა არ უნდა აშენდეს, რათა პროექტი დედაქალაქის ურბანულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყოს.
,,რიყის დოქებთან” დაკავშირებით კი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი სიმახინჯე თბილისს არ ეკადრება. სამომავლოდ კი, ყურადღება მიექცევა იმას, რომ „რიყის დოქების” ნაცვლად განსახორციელებელი პროექტი, ძველი თბილისის გარემოსთან იყოს შერწყმული.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, მშვიდობის ხიდთან დაკავშირებით დემონტაჟი არ იგეგმება.
„არავითარ შემთხვევაში! აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილზე”, – აღნიშნა მან.
ის, რომ თბილისის ისტორიული უბნისთვის ,,რიყის დოქების” მშენებლობა მიუღებელია, აიპ ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძეც ადასტურებს. თუმცა დემონტაჟის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ შესაძლებელია მისი განთავსება ალტერნატიულ ტერიტორიაზე, რის გამოცდილებაც ევროპის ქვეყნებშიც აქვთ.
,,ცალკე აღებული ეს შენობა საინტერესოა. გნებავთ, მშვიდობის ხიდიც, ორივე კონსტრუქცია კარგია, მაგრამ შენობები და არქიტექტურა განიხილება კონტექსტში, სად რას ვაკეთებთ. ამ თვალსაზრისით, ერთიც და მეორეც მიუღებელია. იმ ისტორიულ გარემოში, სადაც ამფითეატრივით თბილისის მთელი ისტორია ჩანს, იქ დაუშვებელია ასეთი შენობების დადგმა. მნიშვნელოვანია ისტორიული განაშენიანების ზონა შევინარჩუნოთ, ამიტომ იქ რაიმე კონტრასტული ნაგებობა როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს, უნდა ემსახურებოდეს იმ ისტორიული განაშენიანების წარმოჩენას და არა თანამედროვეობას, ამ მხრივ, შეცდომა დაშვებულია.
რაც შეეხება დემონტაჟის საკითხს, მაგალითი, რომ ისტორიულ ნაწილში გარკვეული შენობა აეგოთ და მერე გადაიტანათ, ამის შემთხვევები არის, მათ შორის გერმანიის რამდენიმე ქალაქში. არქიტექტურული იერით მიუღებელი შენობის დაშლის პრეცენდენტი არსებობს, ,,დოქებს” თუ სადმე გადაიტანენ, სჯობს”, – აღნიშნა ბოლქვაძემ ,,რეზონანსთან” საუბრისას.
რაც შეეხება გამოსავალს, მომავალში რომ მსგავსი ინცინდენტი არ მოხდეს, არქიტექტორი ფიქრობს, რომ აუცილებელია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რათა მკაცრად განისაზღვროს, თბილისის ცალკეულ უბნებში რა შეიძლება ვაშენოთ და რა – არა.
,,ბევრი შენობა თუ კონსტრუქციაა, რაც თბილისისთვის მიუღებელია. მაგალითად, არაერთგვაროვანი აზრია ,,ველოსიპედთან” დაკავშირებითაც, მაგრამ მე იგი სულ არ მაწუხებს, მარტივიო კონსტრუქციაა, თუმცა ,,ბილტმორის” სასტუმრო მიუღებელია, მათ შორის სამხატვრო აკადემიის ახალი შენობა, რომელიც ამ იერსახით ქალაქს ამახინჯებს. ბევრი შენობა შეუსაბამოა თბილისისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ მიადგები და დაანგრევ, მაგრამ აღიარება, რომ შეუსაბამოა, აუცილებელია, რათა შეცდომა მომავალში არ უნდა დაუშვან. ამისთვის ცალკე პროექტი უნდა გაკეთდეს, რომელიც აღრიცხავს შეუსაბამო პროექტებს – ფუნქციურად, სატრანსპორტო პრობლემებით, მოცულობით-თვისობრივი წყობით და სხვა, რითაც არის შეუსაბამო ესა თუ ის შენობა, სწორედ პროექტის ფარგლებში უნდა დადგინდეს.
სხვათა შორის, გენერალურ გეგმაში იყო მითითება, რომ დამუშავდეს თბილისის ხედვითო კორიდორების პროექტი, რომელიც შეზღუდვებს შემოიღებს. მაგალითად, მთაწმინდის ფერდობზე ზემოთ ,,ასვლა” არ შეიძლება და განაშენიანების პირობები მკაცრად უნდა იქნას დაცული. ქვედა ტერიტორიაზეც განაშენიანება როგორი მასშტაბის და რა სიმაღლის უნდა იყოს, ესეც პროექტმა უნდა გვიკარნახოს. თბილისისნაირი ისტორიული ქალაქისთვის ასეთი მიდგომა აუცილებელია”, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულად რიყის დოქებს, ურბანისტი ნუკრი გველესიანი აღნიშნავს, რომ ამ შენობამ არა მარტო რიყე გაანადგურა, არამედ მთელი მიმდებარე ლანდშაფტი.
,,რიყის დოქებმა თბილისის იერსახე დაამახინჯა, ამიტომ მისი დემონტაჟი სწორი გადაწყვეტილებაა. ბარათაშვილის ხიდიდან ულამაზესი სურათი იშლებოდა – ეკლესიებით, ფერდობზე შეფენილი სახლებით, მაგრამ მიიღეს უაზრო გადაწყვეტილება და იქ ორი გაუგებარი მილი დაიდგა. ეს მილები, შესაძლოა, მაღალი დონის არქიტექტურაა, მაგრამ საერთოდ კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. როცა მსგავსი პროექტი ხორციელდება, მთავარია, ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა, ეს ძალიან ფაქიზი თემაა, როდესაც რამის აშენება გვსურს, აუცილებელია ჩვენი კულტურის გათვალისწინება”, – განაცხადა გველესიანმა ,,რეზონანსთან”.
მისი თქმით, ასევე მიუღებელია და ქალაქს იერსახეს უკარგავს სხვადასხვა დროს განხორციელებული პროექტები, როგორიცაა ესტაკადა გმირთა მოედანზე, “ბუდა-ბარი”, კაზინო “შანგრილა”, საბაგირო რიყეზე, შავი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე. პრეზიდენტის სასახლე, საცხოვრებელი სახლი პირველი გიმნაზიის უკან და სხვა.
ცნობისთვის, სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.
თუმცა უკვე 2022 წლის დეკემბერშივე თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, 2025 წლის 5 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები” გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი მისი მფლობელია შპს „რიყე დომ” გახდა, რომელიც “დოქების” ადგილას სასტუმროს აშენებას აპირებს.
www.resonancedaily.com
