უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში შევა ორი დონე, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პირველი დონეა სამშვიდობო ხელშეკრულების ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებით, ხოლო მეორე დონე უკვე მოიცავს გარანტიებს შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებისგან.
ამჟამად პირველ რიგში განიხილება უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსება, იარაღი და დიპლომატია. უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური კონტინგენტის განლაგების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ეს საკითხი ჯერ განიხილება, დასძინა რიუტემ.
„ჩვენ გვჭირდება ისეთი დონის გარანტიები, რომ პუტინმა, მოსკოვში ჯდომისას, აღარასდროს იფიქროს უკრაინაზე თავდასხმაზე“, მოჰყავს „რბკ-უკრაინას“ ნატოს გენერალური მდივნის სიტყვები.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კიევმა და ევროპამ შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგებას მიაღწიეს.
„შეერთებული შტატები მზადაა, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სწორედ ასეთ მზადყოფნას მივაღწიეთ“, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შემუშავდება მკაფიო არქიტექტურა, რომელიც ნათელყოფს, უკრაინისთვის რომელი ქვეყანა რა დახმარების აღმოჩენისთვის არის მზად. მაგალითად, მისი თქმით, თურქეთმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ზღვიდან დაუჭიროს მხარი კიევს.
ზელენსკიმ ასევე გაიმეორა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს.
„უკრაინას, რუსეთისგან განსხვავებით, არ ეშინია ლიდერებთან რაიმე სახის შეხვედრებისა“, თქვა მან.
ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ დეტალური დღის წესრიგის მომზადების შემდეგ, რაც დღეს არ არსებობს.
ფორუმი
