რისი უფლება აქვს მგზავრს ავიარეისის გაუქმების ან გადადების დროს – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში იმ უფლებებზე ისაუბრა, რომელიც მგზავრებს ავიარეისების გაუქმების შემთხვევაში წარმოეშობათ.
მისი თქმით, 2023 წელს დაახლოებით 65 000 ფრენა არის გაუქმებული, რაც თუ შევაჯამებთ, ფრენების სრული რაოდენობის დაახლოებით 2%-ია, თუმცა თითოეული ფრენა მგზავრისთვის კონკრეტულ გეგმებთან ასოცირდება და მათი იძულებით შეცვლის შემთხვევაში მგზავრმა უნდა იცოდეს, რა შეუძლია გააკეთოს.
„თუ ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო ფრენამდე 2 კვირით ადრე, ავიაკომპანია გიგზავნით ი-მეილს და გატყობინბთ,რომ ფრენა უქმდება. ამ დროს გთავაზობენ 2 ვარიანტს, რომ ბილეთი გაუქმდეს და თანხა აგინაზღაურონ 7 დღის განმავლობაში, ან გთავაზობენ სხვა რეისით გაფრენას. მგზავრი იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ურჩევნია.
თუ ფრენის გაუქმება მოხდა უშუალოდ ფრენის წინ, ამ დროს მგზავრს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია. თუ ფრენის მანძილი არ არის 1500 კმ-ზე მეტი, ასეთ დროს მგზავრს შეუძლია მოითხოვოს 200 ევროს ოდენობით კომპენსაცია, ხოლო თუ მანძილი არის 1500-დან 3000კმ-მდე, გვაქვს 400 ევროს მოთხოვნის უფლება და 3500კმ-ზე მეტი მანძილის დროს – 600 ევრო“, – აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
როგორც მან განმარტა, რეისის შეცვლის დროს, თუ ახალი ფრენა არის 2სთ-ზე ნაკლებ დროში მგზავრს შეუძლია მოითხოვოს საჭმელი და წყალი, თუ ფრენა იგვიანებს 4სთ-ზე მეტი ვადით, მგზავრს შეუძლია მოითხოვოს ასევე მოსასვენებელი სივრცე.
მგზავრს უფლება აქვს თავად მოიძიოს ალტერნატიული რეისი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირი ღირს ეს ფრენა, ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს ეს ბილეთი შეუძინოს.
მისი თქმით, ავიაკომპანიას საპატიოდ ეთვლება ფრენის გაუქმება რამდენიმე მიზეზით: ცუდი ამინდი, სტიქიური უბედურება, საომარი მოქმედებები და აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვა. ასეთ შემთხვევებში ავიაკომპანიას უფლება აქვს მგზავრებს არ აუნაზღაუროს მოთხოვნილი კომპენსაცია.
თუ ფრენა არის გადაჯდომით და მგზავრს ორივე რეისის ბილეთი ერთი ავიაკომპანიისგან აქვს შეძენილი, ფრენის გაუქმების ან გადადების დროს ავიაკომპანია ვალდებულია დაუგეგმოს მგზავრს ალტერნატიული რეისებით ფრენა, ხოლო თუ მეორე რეისის ბილეთი სხვა ავიაკომპანიისგან არის შეძენილი, ამ დროს კომპენსირდება მხოლოდ გაუქმებული ან გადადებული ფრენა.
იურისტმა ასევე განმარტა, რომ ფრენისთვის აუცილებელი დოკუმენტების ელექტრონული სახით ფლობა საკმარისია, თუმცა, კონკრეტული ქვეყნის აეროპორტში შესაძლოა მოითხოვონ ისინი ამობეჭდილი სახით და ფრენამდე მგზავრებმა უნდა გადაამოწმონ როგორი მოთხოვნებია კონკრეტული ქვეყნის აეროპორტში.