“რიონის ხეობის მცველები” ჭიათურელი მაღაროელებისა და შუქრუთელების საპროტესტო აქციას უერთდებიან

მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. ისინი უერთდებიან 1-ელ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, 13:00 საათზე, ჭიათურაში დაგეგმილ აქციას და მოუწოდებენ საზოგადოებას, დადგნენ როგორც მაღაროელების, ისე შუქრუთელების გვერდით.
გთავაზობთ “რიონის ხეობის მცველების” განცხადებას სრულად.
“როგორც ცნობილია, დააკავეს ჭიათურისა და შუქრუთის პროტესტების ოთხი მონაწილე – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი. ჩვენ დიდი ხანია, ჭიათურაში მიმდინარე პროცესებს საერთო გასაჭირად აღვიქვამთ და ადრეც გვითქვამს, რომ ხელისუფლება, რომელიც რეპრესიების გზით ამყარებს ავტორიტარიზმს, ყველაფერს გაანადგურებს, რაც მას ძალაუფლების განმტკიცებაში ხელს შეუშლის; რომ აქ გამონაკლისი არ არსებობს. ჩვენი საზოგადოება ძალიან მოწყვლადი აღმოჩნდა ხელისუფლების მანიპულაციის წინაშე, რომელიც სავსეა ცრუ რელიგიური და ფსევდოპატრიოტული გულის აჩუყებებით, რასაც ხან ტრადიციულ და ოჯახურ ღირებულებებს უწოდებენ, ხან კი სუვერენულ პოლიტიკას, რომელსაც მკაცრი ხელი სჭირდება. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაარწმუნეს კიდეც იმაში, რომ დამძიმებული კანონმდებლობა “აგენტების” გამოვლენას ემსახურებოდა, მაგრამ ჭიათურის ამბავი ბოლომდე ცხადყოფს, რაც ხდება სინამდვილეში და რასაც დიდი ხანია, ვიმეორებთ: მოქმედი ხელისუფლება, პოლიტიკური კლასისა და მეინსტრიმული მედიის მონაწილეობით, სუვერენიტეტად და ღირებულებების დაცვად გვასაღებს ქართული მიწა-წყლისა და ბუნებრივი რესურსების კიდევ უფრო სასტიკი ძარცვის პოლიტიკას; მაღაროელებს კი, რომელთა შრომის შედეგითაც სულდგმულობენ, სიტყვის თქმის ღირსადაც არ თვლიან და დაკავების გარდა, ახლა უკვე გაძლიერებული არსენალით – უკიდურესად დამძიმებული კანონმდებლობითაც შეუტევენ, რადგან საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის ყველა ფორმა სამართლებრივად დასჯადი გახდა. ხელისუფლება ცდილობს, უსამართლობის მორევში მყოფი ადამიანების სასოწარკვეთა მათსავე წინააღმდეგ მიმართოს, ერთმანეთს გადაკიდოს და ისარგებლოს ამით, დაგვარწმუნოს, რომ არაფერი შეგვიძლია და შედეგად, ისინი სამუდამოდ იბატონებენ ჩვენზე.
საინფორმაციო სივრცე ისეა დაგმანული, საზოგადოების თანაგრძნობა კი – დრამატულად გაუქმებული, რომ არათუ დანარჩენ საზოგადოებაში, ხშირად თავად იმ ადგილებშიც კი არ იგრძნობა ხოლმე საკითხის სათანადო სიმძაფრით გაცნობიერება, სადაც ასეთი ცოდვა-ბრალი ტრიალებს.
ჩვენ გვწამს, რომ გამოსავალი საზოგადოების უპირობო თანაგრძნობაა ყველა დაჩაგრულის, სახლ-კარ წართმეულის, გაღატაკებულის, დამცირებულის, დამშეულის, უსამართლოდ და ცილისწამებით ბრალდებულის და დაპატიმრებულის მიმართ. მხოლოდ თანაგრძნობა და ურთიერთსიყვარული გაგვაერთიანებს. გაცნობიერების ეს გზა რთულია, მაგრამ სხვა – არ არსებობს. ასეთი საზოგადოება ფხიზლობს, იოლად არ ტყუვდება, უკეთ აღიქვამს დეზინფორმაციას, ბევრად ბრძოლისუნარიანია. ასეთად უნდა ვიქცეთ!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
1-ელ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, 19:00 საათზე, აქცია გაიმართება თბილისშიც, ორბელიანის მოედანზე. აქციის ორგანიზატორები არიან 10 დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრები.
“გიწვევთ, იქ სადაც 1901 წელს, პირველად შეიკრიბნენ საქართველოს მშრომელები საპირველმაისოდ. ეს იქნება ზრუნვის, გაზიარების და საერთოობის გამბედავი ძიება: სულ სხვა პირველი მაისი და სულ სხვა, ნამდვილი ერთობა.
თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!”, – წერია ღონისძიების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.