„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“პროექტში ცვლილება შედის – შპს ,,ტაბა” გეგმავს ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 24 მგვტ-დან 25 მგვტ-მდე გაზარდოს

„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტში ცვლილებები შედის. პროექტის განმახორციელებელმა შპს „ტაბამ“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის ანგარიში უკვე წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, კომპანია გეგმავს ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრის გაზრდას 24 მგვტ-დან 25 მგვტ-მდე. ამასთან, დაგეგმილია ტურბინების რაოდენობის შემცირებაც.
საწყისი პროექტით გათვალისწინებული იყო 5 ტურბინის განთავსება, რომელთა სიმძლავრეც 4.8 მგვტ. იქნებოდა. ცვლილებების მიხედვით კი „ტაბა“ ტურბინების რაოდენობას 4-მდე ამცირებს, ნომინალურ სიმძლავრეს კი 6.25 მგვტ-მდე ზრდის.
„პროექტში ცვლილების შეტანის შედეგად: მცირდება მისასვლელი გზის სიგრძე (შესაბამისად მისი მოწყობის სამუშაოების დროს ზემოქმედება გარემოზე); მცირდება გასაყვანი მიწისქვეშა კაბელის სიგრძე (შესაბამისად მისი მოწყობის სამუშაოების დროს ზემოქმედება გარემოზე); ტურბინების რაოდენობის შემცირების შედეგად მცირდება პროექტისთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი (საჭირო არ იქნება მეხუთე ტურბინის მონტაჟისთვის პლატფორმის მოწყობა). შესაბამისად თავიდან იქნება აცილებული მისი მოწყობის სამუშაოების დროს ზემოქმედება გარემოზე“, – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონის ხაშურის მუნიციპალიტეტის და იმერეთის რეგიონის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1115-1250 მ-მდე სიმაღლეთა დიაპაზონში.
წყარო:bpn.ge