რვა დღის ნაცვლად, Starliner-ის ეკიპაჟი კოსმოსიდან გაისად დაბრუნდება

ამერიკის აეროკოსმოსურმა სააგენტომ (NASA) 24 აგვისტოს გამოაცხადა, რომ კომპანია SpaceX იქნება პასუხისმგებელი კორპორაცია Boeing-ის ხომალდ Starliner-ის ეკიპაჟის კოსმოსიდან დაბრუნებაზე.
„ტექნიკური პრობლემების გამო Starliner-ის ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებას მხოლოდ მომავალ წელს შეძლებენ“, – იუწყება სააგენტო Reuters.
Starliner-მა სტარტი 2024 წლის 5 ივნისს აიღო და უკან 8 დღეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ასტრონავტები დედამიწას მხოლოდ 2025 წლის 25 თებერვალს დაბრუნდებიან. ამჟამად ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან.
SpaceX ეკიპაჟის უსაფრთხო დაბრუნებისთვის აპირებს თავისი კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ს გამოყენებას. Starliner-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მოწყდება და დედამიწაზე დაბრუნდება ავტომატური რეჟიმით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარეშე.
ბუჩ ვილმორი და სუნი უილიამსი პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც Starliner-ით გაფრინდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ხომალდის ძრავის მართვის სისტემას პრობლემები ფრენის პირველივე 24 საათის განმავლობაში შეექმნა: 28 ძრავიდან ხუთი გამოვიდა წყობიდან. ასევე გაჟონა ჰელიუმმაც, რომელიც გამოიყენება ძრავებში წნევის შესანარჩუნებლად. ასტრონავტები გადასხდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, მაგრამ ამ დრომდე არ იყო ნათელი, როდის და როგორ დაბრუნდებოდნენ დედამიწაზე.
Reuters ხაზს უსვამს, რომ NASA-ს გადაწყვეტილება გამოიყენოს SpaceX-ის სერვისები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა Boeing-თვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აამაღლებდა Starliner-ის პროგრამის რეპუტაციას, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული უამრავ პრობლემას წააწყდა, მათ შორის 1,6 მილიარდი დოლარის გადახარჯვას.
ბოლო დროს კომპანია Boeing-ის საქმიანობას დაუკავშირდა არაერთი სკანდალი. 2024 წლის იანვარში, სამგზავრო თვითმფრინავს Boeing 737 MAX 9-ს ფრენისას მოწყდა კარი (კატასტროფა საბოლოოდ თავიდან იქნა აცილებული). ინციდენტის შემდეგ -ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ 737 Max-ის წარმოების პროცესების 89 შემოწმებიდან მხოლოდ 56 იყო წარმატებული. მოგვიანებით, მოულოდნელად გარდაიცვალა Boeing-ის ორი მაღალი რანგის მამხილებელი, რომლებმაც სინათლე მოჰფინეს ხომალდების წარმოების ჯაჭვებში არსებულ დარღვევებს.
წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ