ისრაელის თავდასხმები ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს თავდასხმები, რომლებიც იმ დროს ხორციელდება, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ღაზას სექტორში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, ისრაელის წესების დამრღვევ მენტალიტეტზე მეტყველებს.
„ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია თავისი უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს. საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო უნდა მოუღოს ისრაელის ბანდიტიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ და რეგიონულ სტაბილურობას“, – წერს ერდოღანი.
მისი თქმით, თურქეთს ახლო აღმოსავლეთში მეტი სისხლისღვრა, ნგრევა და კონფლიქტი არ სურს.
„თურქეთი გმობს ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ საზარელ თავდასხმებს, სამძიმარს ვუცხადებთ ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს“, – აცხადებს ერდორანი.
