თურქეთი ელის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დაადგენს, რომ ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და „დადებით შედეგს“ ელის.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო დღეს ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დღეს დაგეგმილი სხდომა სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით იმართება, რომელიც ამტკიცებს, რომ ისრაელი პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს სჩადის.
სამხრეთ აფრიკამ ჰააგის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის 29 დეკემბერს შეიტანა, ხოლო სასამართლომ საქმის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს. ისრაელი გენოციდის ბრალდებას უარყოფს და სამხრეთ აფრიკას სიმართლის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ისრაელი ამტკიცებს, რომ საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და მის სამიზნეს „ჰამასის“ მებრძოლები წარმოადგენს და არა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა.