„რეფორმის განხორციელებიდან 5 წლის თავზე გამოიკვეთა რიგი ცვლილებების საჭიროება, რომელიც საპენსიო სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას ემსახურება – ეკონომიკის სამინისტრო bm.ge-ს კითხვებს პასუხობს

„რეფორმის განხორციელებიდან 5 წლის თავზე გამოიკვეთა რიგი ცვლილებების საჭიროება, რომელიც საპენსიო სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას ემსახურება – ეკონომიკის სამინისტრო bm.ge-ს კითხვებს პასუხობს
საქართველოს მთავრობა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს – ამას ითვალისწინებს 16 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემას მნიშვნელოვნად ცვლის. საქართველოს საპენსიო სააგენტოს ამჟამად ჰყავს ორი საბჭო, ერთია სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მეორეა საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული საბჭოები უქმდება და ისინი ჩანაცვლდება ერთიანი მმართველობითი საბჭოთი, რომელსაც 9-დან 15 წევრამდე ეყოლება. ამასთან, აღნიშნულ საბჭოში წევრთა დაკომპლექტების საკითხი პარლამენტიდან საქართველოს მთავრობაზე გადადის, რადგანაც საინვესტიციო საბჭოს წევრებისგან განსხვავებით, რომელთაც პარლამენტი ამტკიცებს, ახალი საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.
კიდევ ერთი ცვლილებით, საპენსიო სააგენტოს სახელი შეეცვლება და მას საპენსიო ფონდი ეწოდება. ასევე გაიზრდება ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდს მსხვილი პროექტების დაფინანსება შეეძლება, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად დაფინანსების გაცემაში თანამონაწილეობას გულისხმობს იმ პირობით, რომ საპენსიო ფონდის თანამონაწილეობა დაფინანსების 20%-ზე მეტი არ იქნება. აღნიშნული ცვლილება საპენსიო ფონდს დაახლოებით 700-750 მილიონ ლარს გამოუთავისუფლებს, რომლის მსხვილ პროექტებში მიმართვაც შეეძლებათ.
კიდევ ერთი ცვლილება საპენსიო აქტივების მმართველის არჩევის უფლების შეზღუდვას უკავშირდება. 2025 წლიდან მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა საკუთარი საპენსიო დანაზოგი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სხვა აქტივების მმართველ ფონდებშიც გადაეტანათ, თუმცა ახალი კანონპროექტით ეს უფლება უქმდება.
BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამ კანონპროექტის მიზნებთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა. წარმოგიდგენთ სამინისტროს განმარტებებს ამ კანონპროექტზე:
1) ⁠რატომ გადაწყდა სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს გაერთიანება ერთ მმართველობით საბჭოში?
„დღეს მოქმედი მმართველობითი სტრუქტურა ითვალისწინებს ორ-ბორდიან სისტემას, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით არ არის გამართული მართვის ინსტრუმენტი, თუმცა ის რეფორმის თავიდან ასამოქმედებლად მიზანშეწონილად ჩაითვალა. რეფორმის განხორციელებიდან 5 წლის თავზე გამოიკვეთა რიგი ცვლილებების საჭიროება, რომელიც საპენსიო სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას ემსახურება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ხუთი წლის მანძილზე საპენსიო აქტივების პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის კვალდაკვალ გაიზარდა საინვესტიციო ინსტრუმენტების ტიპები და რაოდენობა, რაც თავის მხრივ საჭიროებს საპენსიო ფონდის უფრო ეფექტური რისკის კონტროლის მექაზანიზმებს და შესაბამის ზედამხედველობას. ამ მიმართულებით კი შესაბამისი ევრო დირექტივების ანალოგიური ჩარჩოს დანერგვაც განხორციელდა.
შესაბამისად ხდება ორი არსებული საბჭოს – საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოს გაერთიანება. სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სამი მინისტრით, მინისტრები სრულიად გამოდიან და ეთიშებიან საპენსიო სააგენტოს მართვას და შესაბამისად მმართველობითი საბჭო მხოლოდ პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული. ასევე სავალდებულო წესით შეიქმნება სამი კომიტეტი – საინვესტიციო კომიტეტი, რისკის კომიტეტი და აუდიტის კომიტეტი. ამრიგად, საპენსიო სააგენტოს (მომავალში ფონდს) ეყოლება პროფესიონალებით დაკომპლექტებული მმართველობითი რგოლი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც ინვესტიციებზე, ასევე ფონდის ადმინისტრირებაზე და ყველა სხვა საქმიანობაზე. მინისტრები მართვაში აღარ იქნებიან ჩართულნი.
9 წევრის შემთხვევაში მთავრობა შეძლებს თანამდებობრივად დანიშნოს ერთი თანამდებობრივი წევრი (რომელიც არ შეიძლება იყოს პოლიტიკური თანამდებობის ფიგურა) და 9 წევრზე მეტის არსებობის შემთხვევაში 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს კომიტეტის წევრი ან დირექტორატის წევრი და მისი ძირითადი ფუნქცია იქნება მმართველობით საბჭოს იმ საჭიროებებზე რეაგირება, რაც საბჭოს მხრივ იქნება მთავრობასთან განსახილველი (შეიძლება იყოს სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, დებულების ცვლილებები და ა.შ). ამრიგად აღნიშნული წევრი მეტად დამკვირვებლის ფუნქციასაც შეითავსებს.
2) მოხდება თუ არა ფონდიდან საპენსიო დანაზოგების/თანხის პირდაპირი ინვესტირება (კრედიტის გაცემით) მსხვილ პროექტებში, როგორიცაა ჰესები, პორტები და სხვა?
ეს ცვლილებაც ახალი არ არის, და ის 2023 წლის შემოდგომას განხორციელდა. თუმცა რამდენადაც საპენსიო აქტივების 99% კონსერვატიულ პორტფელში არის განთავსებული და კონსერვატიულ პორტფელში „სხვა აქტივებში“ ინვესტირება არ არის შესაძლებელი, აღნიშნული ზრდის კონცენტრაციის რისკს საბანკო პროდუქტებში. შესაბამისად, საჭიროა დივერსიფიკაცია მოხდეს კონსერვატიულ პორტფელშიც და მასში „სხვა აქტივების“ კლასში ინვესტირებაც გახდება შესაძლებელი 15%-მდე. საპენსიო ფონდი არა პირდაპირი გასესხებით, არამედ კერძო ემისიის ბონდის საშუალებით შეძლებს მხოლოდ ისეთი პროექტების დაფინანსებას, და ისიც 20%-ის ლიმიტით, რომელშიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იქნებიან დამფინანსებლები და რომელსაც შესაბამისი საკრედიტო რეიტინგი ექნება მინიჭებული.
3) მოხდება თუ არა ინვესტირება ისეთ კომპანიებში/პროექტებში/აქტივებში, რომლებსაც არ გააჩნიათ საკრედიტო რეიტინგი?
საინვესტიციო გადაწყვეტილების მიმღები რგოლი მთავარი საინვესტიციო ოფიცერია და საპენსიო ფონდის საინვესტიციო ვერტიკალი. ამ მიმართულებით ცვლილება დაგეგმილი არ არის. სასესხო ინსტრუმენტში (მაგ. ბონდში) ინვესტირებას აუცილებლად სჭირდება საკრედიტო რეიტინგი, რომლის მინიმალურ მოთხოვნებს აწესებს ეროვნული ბანკი რეგულაციით. ამასთან ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ნებისმიერ საინვესტიციო ინსტრუმენტთან დაკავშირებით მინიმალური საკრედიტო რეიტინგი.
4) ⁠აღნიშნული ცვლილებების ინიციირებამდე იყო თუ არა კონსულტაცია IMF-თან ან სხვა ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან და თუ – არა, რატომ?
აღნიშნულ ცვლილებებზე მუშაობა წელიწად-ნახევარზე მეტია მიმდინარეობს და 2023 წლის ზაფხულს აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის მიერ გაერთიანებული მისიის ფარგლებში განხილულ იქნა მმართველობითი საბჭოს საკითხი, სადაც ორი საბჭოს გაერთიანების საკითხის რეკომენდაციაც იყო გათვალისწინებული მათი მხრიდან, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითი. ამასთან ორივე პარტნიორ ორგანიზაციასთან საპენსიო რეფორმის განხილვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და აღნიშნულ ცვლილებებს ისინი მხარს უჭერენ. ცვლილებების განხორციელებისას გამოყენებულ იქნა აგრეთვე ნებაყოფლობითი პენსიის ევროდირექტივის დათქმები რისკის მართვასთან დაკავშირებით, ანაზღაურების პოლიტიკასა და აუთსორსინგთან დაკავშირებით.
5) კანონპროექტით ამოღებულია ის მუხლები, რომლებიც საპენსიო სისტემის მონაწილეებს აძლევდა უფლებამოსილებას აერჩიათ აქტივების მმართველი კომპანიები. რატომ მიიღო სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება?
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მონაწილის არჩევანი საპენსიო პროდუქტთან მიმართებით ხშირად არაეფექტურია. იმ ქვეყნებში კი, მაგალითად შვედეთში, სადაც აქტივების მმართველების არჩევა დაშვებულია, მობილობა კერძო აქტივების მმართველებს შორის საკმაოდ დაბალია და ერთნიშნა პროცენტებში მერყეობს. საპენსიო პროდუქტის მთავარი მიზანი ამასთან არის საუკეთესო ამონაგების გენერირება მონაწილისათვის და იმ მოცემულობაში, სადაც კანონით გაწერილია საინვესტიციო ლიმიტები, რეალურად სხვა კერძო აქტივების მმართველთან გადატანით არ შეიცვლებოდა საინვესტიციო არეალი, არამედ მხოლოდ ინსტრუმენტები ამდენად ის კონკურენტული სივრცე ამონაგებთან მიმართებით გრძელვადიანად უმნიშვნელოა და შესაძლოა, მონაწილისათვის საპენსიო პროდუქტის მიყიდვის შემთხვევაში საზიანოც იყოს.
მიუხედავად ამისა კანონით გათვალისწინებული 28-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის (კონკრეტული აქტივების კლასის საინვესტიციო საქმიანობის აუთსორსინგს) შენარჩუნებულია და აღნიშნულით კერძო აქტივების მმართველების განვითარების ხელშეწყობაც საპენსიო ფონდის საშუალებით შენარჩუნებულია. აღნიშნული მუხლის ამოღების რეკომენდაციით აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მიგვითითებდნენ”, – ნათქვამია სამინისტროს პასუხში.
წყარო: Bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ