რეჟიმი მაიძულებდა მეთქვა, რომ თითქოს აშშ-ის საელჩო აქციების ორგანიზების დირექტივებს მაძლევდა – გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება აცხადებს, რომ მისი დაკავების შემდეგ რეჟიმი ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ მას განცხადების გაკეთებას აიძულებდა, რომლის მიხედვითაც თითქოს ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში მას პროევროპული აქციის ორგანიზების დირექტივებს აძლევდა. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მის საქმეს -ის საელჩო მკაცრ მონიტორინგს უწევს. მისი დაკავების პირობებში კი რეჟიმის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა აშშ-ის წინააღმდეგ დანაშაულია და ის ამერიკული გამოძიების დაწყების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.
„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ აშშ-ის საელჩო პირველივე დღიდან უწევს მონიტორინგს ჩვენს წინააღმდეგ შეკერილ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს.
რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ ჩვენს წინააღმდეგ რუსული რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ არაერთ უკანონო ქმედებაში, დევნის ნაწილში, მათ გადაწყვიტეს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს პროკურატურაში, რასაც ამერიკის საელჩოც დაგიდასტურებთ. წერილში ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს საქმეს უწევდნენ მკაცრ კონტროლს.
დაკავების შემდეგ, რაც უკანონოდ განხორციელდა 11 მარტს, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წარმოადგენს დანაშაულს ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ დადგება დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათ საგამოძიებო ორგანოებთან და პირადად ვამხილო ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლების თუ რომელი წარმომადგენლების ინიციატივა იყო ეს ყველაფერი.
გარკვევით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი ამ დაწესებულებაში ყოფნა არ არის უსაფრთხო და ყოველ დღე ვარ რისკის ქვეშ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ჩემი ლიკვიდაცია.
ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს და მათ ოჯახებს.
მალე ყველაფერი კარგად იქნება.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – ნათქვამია გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაში.
ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის” ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას – „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება. სწორედ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაა დავის საგანი.
გიორგი ჩიკვაიძეს და მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა.
ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას ითხოვდა.
ჩიკვაიძე დაპატიმრების შემდეგ შიმშილობს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.