რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ვაშინგტონში ევრაზიული ებრაელობის მხარდამჭერი ნაციონალური კოალიციის (NSCEJ) აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს და გენერალურ დირექტორს, მარკ ლევინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საგანგებოდ გაუსვა ხაზი ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26 საუკუნოვან, უნიკალურ ტრადიციას და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, იუდეური თემი საქართველოს სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური და ნაწილობრივი ანაზღაურების ფარგლებში. სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, გასულ წელს იუდეური თემის ყოველწლიური ფინანსური დახმარება 150 000 ლარიდან 550 000 ლარამდე გაიზარდა.ზაზა ვაშაყმაძემ ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იუდეურ თემს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ყველა სინაგოგა (სულ 22 სინაგოგა) დაუბრუნდა.
მარკ ლევინმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს დელეგაციას თბილი შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ ევრაზიული ებრაელობის მხარდამჭერი ნაციონალური კოალიციის (NSCEJ) მიზანია, როგორც ამერიკელ ებრაელებს, ისე ამერიკელებს გააგებინონ იმ მდიდარი ისტორიის შესახებ, რომელიც საქართველოში ებრაელებთან მიმართებით არსებობს. მარკ ლევინმა ასევე, განაცხადა, რომ აშშ-ს კონგრესში იმართება მოსმენა „გლობალური ანტისემიტიზმის შესახებ“, სადაც საქართველოს რასაკვირველია, არ ახსენებენ ნეგატიურ კონტექსტში.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ მარკ ლევინი საქართველოში დაპატიჟა. მხარეებმა გამოხატეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი, სანდრო ინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე შეყილაძე.
