ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს.
მოსაზრების თანახმად, ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, დღის წესრიგში დადგა იმ პერიოდში, როდესაც იყო ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტი, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობა.
მოსაზრებაში ასევე მწუხარებაა გამოთქმული, რომ ცვლილებები დღის წესრიგში დადგა მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე თვეში არჩევნებია. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს ასევე უგულებელყოფს რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ წამოჭრილ შეშფოთებას.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ახალი შესწორებების მიღებამდე ჩატარდეს დასაბუთებული ანალიზი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით კი სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები (სამართალი, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება და ა.შ.).
“ასეთი ანალიზი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ და უნდა ჩატარდეს გარკვეული პერიოდის დროში. დროში, რომელიც შესაბამისი იქნება მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რათა მოხდეს სადავო საკითხების სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასება”, – ნათქვამია მოსაზრებაში.
რაც შეეხება კანონპროექტის სამართლებრივ შეფასებას, ვენეციის კომისია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და მისი წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, შესწორებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ვერ დგინდება.
“ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს გაღვივების რისკებს აჩენს”, – ნათქვამია კომისიის მოსაზრებაში.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, სრულად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 20 ივნისს დაუჭირა.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს.
საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი “ჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ”, დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა.
ქართული ოცნების გეგმის თანახმად, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით.
ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ამავე ჰომოფობიური და პროპაგანდისტული ინიციატივის ფარგლებში ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც არ აქვთ. პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე კანონის მიღება, რისთვის საკმარისი უმრავლესობა აქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებს, მას არჩევნების შემდეგ, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში გეგმავენ.