რეზო კიკნაძე ნინო გალუსტაშვილს – მათე თავაწეული გააღებს ციხის კარებს, თქვენ კი არავინ დაგაფასებთ, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს, არ გეგონოთ, რომ არ მოგეკითხებათ! – მათეს მინდა ვუთხრა, ჩვენ ერთმანეთს წამოვაყენებთ და იმ გიტარაზეც ერთად დავუკრავთ

მათეს მინდა ვუთხრა – ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით, ერთმანეთს წამოვაყენებთ და იმ გიტარაზეც ერთად დავუკრავთ,- ასე მიმართა სასამართლო სხდომიდან პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდადებულ მათე დევიძეს, აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ.
რეზო კიკნაძის თქმით, ადრე თუ გვიან მათე დევიძე თავაწეული გააღებს ციხის კარებს.
„გუშინ 21 წლის სრულიად უწყინარი, პატიოსანი, ნათელი, სპეტაკი და უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს და 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. თქვენ მინდა გკითხოთ ქალბატონო ნინო [მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს], როდესაც წლების შემდეგ შვილიშვილები გკითხავენ: „ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის ბედი რომ წყდებოდა და ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა და თავს წირავადა ამისთვის, შენ სად იყავი მაშინო, რას უპასუხებთ? – ხელს ვუშლიდი ამაშიო და სამშობლოს მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის მებრძოლ ადამიანებს ციხეში ვუშვებდიო?“. არაუშავს, ადრე თუ გვიან მათე აქედან გავა, თავაწეული გააღებს ციხის კარებს…
თქვენ [მოსამართლე], რომ გაგასამართლებენ და აუცილებლად გაგასამართლებენ გუშინდელი და არამარტო გუშინდელი გადაწყვეტილებების გამო, არავინ დაგაფასებთ, თქვენთვის არავინ დაღვრის ცრემლებს, თქვენთვის არავინ გაავსებს სასამართლოს ეზოებს და თქვენზე არავის აუჩუყდება გული. არ გეგონოთ, რომ არ მოგეკითხებათ იმ უკანონობის გამო, რაც გადაწყვიტეთ და რაც გადაგიწყვეტიათ”,- განაცხადა რეზო კიკნაძემ.
ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე დააკავეს. მან პოლიციელს დროშის ტარი მოუქნია.