ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის პასუხად საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი.
სებ-ში ამბობენ, რომ “საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი განუხრელად იცავს, როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს”.
“სებ-ის მიერ როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში, უწყვეტად ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესიც.
საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. მაღალია ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან საფინანსო სექტორის შესაბამისობის დონე, რაც ასევე დასტურდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შეფასებებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრო რეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც.
სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და შესაბამისად, მზარდია ინვესტორების ნდობა მის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი”, – აცხადებენ სებ-ში.
ევროპარლამენტმა დღეს, 9 ივლისს საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა და ნაბიჯები.
ბიძინა ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების ლიდერებისთვის სანქციების დაწესების მოწოდების გარდა, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, განიხილოს ისეთი შემზღუდავი ზომები, როგორიც არის SWIFT-ის შეწყვეტა და სექტორული სანქციები, რაც მიზნად ისახავს “ქართული ოცნების რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას”.
