რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5%-ით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა – რომან გოცირიძე

რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5%-ით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა –
ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა $124 მილიონი დოლარი შეისყიდა. მ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების დასაჭერად სებ-მა დეკემბერში მცირე მასშტაბის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აღარ აქვს თავისუფლება კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირებული სავალუტო რეზერვები შეისყიდოს, რადგანაც ეს ლარის გაცვლით კურსზე მოახდენს გავლენას.
„ეროვნული ბანკის მიერ ტრადიციულად ერთი თვის დაგვიანებით გამოქვეყნებული სტატისტიკით გამოჩნდა, რომ მას ნოემბრის თვეში უყიდია 124 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტა. რას ნიშნავს ეს? მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში დოლარები იყიდეს, რეზერვების მოცულობა არ გაზრდილა. ვალუტის ყიდვა ნიშნავს მიმოქცევაში მეტი ლარის გაშვებას, ანუ ლარის შესაძლო გაუფასურებას. ასეც მოხდა. თუ წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტი იყო ლარის სტაბილურობა და ფაქტობრივად, ფიქსაცია, რასაც დაახლოებით 700 მილიონი დოლარის რეზერვები შეეწირა, ახლა პრიორიტეტია რეზერვების შევსება, რადგან იგი კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა. სამომავლოდ, საგარეო იზოლაციის გამო, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.
დეკემბერში, რომლის სტატისტიკას ეროვნული ბანკი იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს, ეროვნულ ბანკს უკვე არ ექნება ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობა ლარის კიდევ უფრო გაუფასურების რისკის გამო, ამიტომ, რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა, დაურეზერვა (ნორმატივი იყო 20 პროცენტი, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი). ამით, დეკემბერში რეზერვების მოცულობა კი გაიზრდება, მაგრამ ეს არ იქნება წმინდა რეზერვები, ზრდა მხოლოდ ქაღალდზე გამოჩნდება, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ.
ის განცხადებები, რაც უცხოეთში კეთდება (დახმარებების შეწყვეტა), რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსების შანსს გამორიცხავს. პირიქით, მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას უნდა ველოდოთ,”- აცხადებს რომან გოცირიძე.