დღევანდელი დღე, 14 ივლისი, მსოფლიოში ცნობილია, როგორც ბასტილიის აღების დღე, რომელიც საფრანგეთში მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია და “ეროვნულ დღედ“ აღინიშნება.
ზოგადად, ბასტილიის დღე მრავალი ადამიანისთვის მნიშვნელოვან სიმბოლურ ასოციაციებს იწვევს – შეიძლება ითქვას, რომ მის გარშემო მნიშვნელოვანი მითოლოგიაა აგებული.
გავრცელებული წარმოდგენებით, რევოლუციის დროს ბასტილია იდუმალებით მოცული საპყრობილე იყო, სადაც პოლიტიკური რეპრესიის ფარგლებში დაკავებულ პატიმრებს ულმობელად და დაუნდობლად აწამებდნენ – ხოლო 1789 წლის 14 ივლისს ფრანგმა რევოლუციონერებმა და ხალხმა ის გმირულად აიღეს და ასობით ტანჯული პატიმარი დილეგებიდან გაათავისუფლეს.
სინამდვილეში, ეს სურათი ძირითადად მცდარია და ისტორიულ რეალობას მეტწილად არ შეესაბამება.
თანამედროვე ისტორიკოსების, ჰანს-იურგენ ლიუზებრინკის, საიმონ სქამასა და მონიკ კოტრეტის თქმით, ბასტილიის პატიმართა ყოფა, დამკვიდრებული წარმოდგენების საპირისპიროდ, დიდად არაფრით განსხვავდებოდა, განსაკუთრებით იმდროინდელ სხვა ციხეებთან შედარებით: პატიმართა ოთახებში იყო ღუმელი ან გაზქურა, საბაზისო ავეჯი, უმეტესად ფანჯარაც და ფარდებიც. საპატიმროებს ძირითადად არა არაკომფორტულობის გამო, არამედ იმისთვის აკრიტიკებდნენ, რომ ისინი უღიმღამო და ძველი იყო.
თანაც, ლიუზებრინკისა და როლფ რაიხარდტის წიგნში, „ბასტილია: დესპოტიზმისა და თავისუფლების სიმბოლოს ისტორია“, აღნიშნულია, რომ პატიმართა სამედიცინო დახმარება იმ დროისთვის საკმაოდ ხარისხიანი იყო და პერიოდის გათვალისწინებით, ფსიქიკური აშლილობების მქონე პატიმრების მიმართ საკმაოდ პროგრესული დამოკიდებულება ჰქონდათ.
ბასტილიის მოკლე ისტორია
ბასტილიის ციხის შესახებ ასოციაციები ლუი XIV-ის დროინდელ მმართველობას უნდა უკავშირდებოდეს, როდესაც ის პოლიტიკური და რელიგიური ჩაგვრის ინსტრუმენტად ნამდვილად გამოიყენებოდა.
სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა, “მე ვარ სახელმწიფო“ – ამიტომ, ალბათ არცაა გასაკვირი, რომ მისი მმართველობის პერიოდში ბასტილიის ციხე პოლიტიკური რეპრესიებისთვის მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენდა – ამ დროს ჯამში 2 320 ადამიანი დააკავეს, ხოლო ყოველწლიურად დაახლოებით 43 ადამიანს აპატიმრებდნენ.
ამ დროს ბასტილიის ციხე ძირითადად მაღალი კლასის წარმომადგენლების, პოლიტიკური ან რელიგიური ნიშნით დაკავებული პატიმრებისთვის გამოიყენებოდა. მათ ბრალს ძირითადად ჯაშუშობაში, თაღლითობასა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში სდებდნენ.
ლუი XIV ბასტილიაში არა მხოლოდ პოლიტიკურად ღიად დაპირისპირებულ ადამიანებს, არამედ მათაც აკავებდა, ვინც მას უბრალოდ აღიზიანებდა ან ვისთანაც რაიმე მხრივ, მაგალითად რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, უთანხმოება ჰქონდა.
რაც შეეხება რელიგიურ დევნას, 1685 წელს ლუი მეთოთხმეტემ გააუქმა ნანტის ედიქტი და პროტესტანტების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. ბასტილიას პროტესტანტული ქსელების გამოძიება და დაშლა ევალებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლუი XIV-ის დროს ბასტილიაში პატიმრებს lettre de cachet-ით, მეფის ბეჭედდასმული ბრძანებებით აკავებდნენ, რომელიც მონარქის პირდაპირ დირექტივას წარმოადგენდა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
გარდა ამისა, ამ პერიოდში ბასტილიაში პატიმრობა ძირითადად განუსაზღვრელი დროით გრძელდებოდა და დაკავებულების ვინაობისა და დაკავების მიზეზების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, საჯაროდ ცნობილი არ იყო.
სავარაუდოდ, ამან ხელი შეუწყო ბასტილიისთვის იდუმალების ელფერის მიცემას და საფრანეთის მოსახლეობის თვალში მის რომანტიზებას.
თუმცა, ლუი XV და ლუი XVI-ის მმართველობის დროს ბასტილიის როლი და ფუნქცია მნიშვნელოვნად შეიცვალა – ერთი მხრივ, ყურადღება მაღალი კლასის პოლიტიკურ ოპონენტების დაკავებაზე კი აღარ მახვილდებოდა, არამედ ციხეს ზოგადად ყველა ფენის დამნაშავის დასაკავებლად იყენებდნენ, აკავებდნენ კრიმინალებს, ქურდებსა და არისტოკრატებს, რომლებიც მიღებულ სოციალურ ნორმებს არღვევდნენ.
ლუი XIV პერიოდთან შედარებით, ბასტილია აღარ იყო უშუალოდ მეფის იარაღი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნისთვის და პოლიციის სისტემასა და მის ჩვეულ მუშაობას უფრო დაუკავშირდა.
გარდა ამისა, განსაკუთრებით იკლო ბასტილიაში დაპატიმრებული ადამიანების ოდენობამ: ლუი XV-ის დროს 1 194, ხოლო ლუი XVI-ის დროს რევოლუციამდე, სულ რაღაც 306 ადამიანი დააპატიმრეს.
ბასტილიის აღების დღე
ბასტილიაში შეჭრილ მასასა და რევოლუციონერებს რეალურად სულაც არ დახვედრიათ თავისუფლებას მოწყურებული, დილეგებში უსამართლოდ გამომწვყდეული ასობით პატიმარი – ციხის აღებისას მასში მხოლოდ შვიდი ადამიანი იყო დაპატიმრებული: ოთხი თაღლითი, ორი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი და ერთი არისტოკრატი, რომელსაც “სექსუალური გარყვნილება“ ედებოდა ბრალად.
ბასტილიის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე იქ გამომწვყდეული იყო მწერალი მარკიზ დე სადი, სექსუალური მოძალადე და პედოფილი, რომლის პიროვნებიდან და შემოქმედებიდან სიტყვა „სადიზმი“ გამომდინარეობს – თუმცა ის სხვა ციხეში გადაიყვანეს, რადგან ფანჯრიდან ცდილობდა, მასებში დამკვიდრებული შიშნარევი წარმომდგენები გამოეყენებინა და ხალხის გასაგონად ყვიროდა, რომ ციხეში პატიმრებს ხოცავდნენ.
ბასტილიის ციხე-სიმაგრის შესახებ საფრანგეთის რევოლუციის დროსაც მრავალი მცდარი ხმა დადიოდა, რომელიც მას გაზვიადებულად ხატავდა და საზოგადო წარმოსახვას ბუნდოვანებით მოცული ტერორისა და ტანჯვა-წამების ამბებით იპყრობდა. ეს, თავის მხრივ, ალბათ სახელმწიფო პოლიტიკისა და ციხის შესახებ საჯარო ინფორმაციის ნაკლებობით იყო გამოწვეული.
ცხადია, რევოლუციონერებს ეს ფაქტორი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და პროპაგანდის მასალისთვის ოსტატურადაც გამოიყენეს. როიალისტური საყრდენის გმირული აღება და უამრავი იმედგადაწურული პატიმრისთვის ნანატრი თავისუფლების დაბრუნების შესახებ რევოლუციური მითოლოგია სათავეს უკვე ამ დროიდან იღებს.
ბასტილიას თანამედროვეები „ცოცხალთა ჯოჯოხეთად“ მოიხსენიებდნენ. მისი აღების შემდეგ იწერებოდა უამრავი რომანი, დადგმა – მათ შორის გამორჩეულია ჩარლზ დიკენსისა და ალექსანდრე დიუმას შემოქმედება, თუნდაც მისი „სამი მუშკეტერი“, რომელშიც ბასტილიის ციხის შესახებ გავრცელებულ იდეებს იმეორებს, მათ შორის „კაცზე რკინის ნიღაბში“ და რომანტიზებულ სურათს ხატავს.
არ იქნება უსაფუძვლო, თანამედროვე მცდარი წარმოდგენების საფუძველიც ამ ძველ რევოლუციური მითოლოგიაში გვეძია.
ციხის აღების ნამდვილი მიზეზები, სავარაუდოდ, ორმხრივ შეიძლება განვიხილოთ: ერთი მხრივ, ბასტილიის ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე, ის მონარქიის სიმბოლოს წარმოადგენდა, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობდა, რითაც მისი აღება სიმბოლურად მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ვარაუდი ისტორიულად გამართლდა.
მეორე მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბასტილიის ციხე-სიმაგრეში მეფის მმართველობას ტყვია-საფანტი და ზარბაზნები ჰქონდა მომარაგებული, რომლებიც ციხის აღების შემდეგ რევოლუციონერებმა ჩაიგდეს ხელში, რამაც, სავარაუდოდ, რევოლუციის საბოლოო გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.
მოკლე ვადაში მატერიალური მიზეზის უპირატესობის მიუხედავად, გრძელ ვადაში სიმბოლური მიზეზიც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა – როგორც ისტორიკოსი საიმონ სქამა წერს, ბასტილიის ციხემ აღების შემდეგ „მისცა სახე და ფორმა ყველა ბოროტებას, რომელთა წინააღმდეგობაშიც რევოლუცია საკუთარ თავს განსაზღვრავდა“.
ბასტილიის ციხის დემონიზაციის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა რევოლუციის ქმედებების ლეგიტიმაციაც და ხაზი ესმებოდა, რომ აუცილებელია, გადაიდგას საგანგებო, მკვეთრი ნაბიჯები, რათა ბასტილიით განსახიერებული ძველი რეჟიმი საბოლოოდ დამარცხებულიყო.
ეს სიმბოლური ასპექტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ციხის აღებიდან რამდენიმე დღეში ძველი აბჯრის ნაწილები და საბეჭდი მანქანის ნარჩენები ბასტილიაში წამების იარაღის მაგალითად და მტკიცებულებად იყო წარდგენილი.
“ტერორის მმართველობა”
თუმცა, თუკი ბასტილიის აღების გმირული ეპიზოდი მეტწილად სიმბოლურ ისტორიულ ფალსიფიკაციას წარმოადგენს, ტერორის მმართველობა, რომელიც საბოლოო ჯამში ფრანგულ რევოლუციას 1793-1794 წლებში მოჰყვა, ნამდვილად რეალურია.
“აღიქმებოდა, რომ კრიტიკული სამხედრო და პოლიტიკური სიტუაცია საგანგებო აღსრულებას მოითხოვდა. 1793 წლის აპრილში ეროვნულმა კონვენციამ საჯარო უსაფრთხოების 12-კაციანი კომიტეტი შექმნა, რომელიც რევოლუციის გადასარჩენად საგანგებო ნაბიჯების გადადგმას ისახავდა მიზნად“. – ამბობს პიტერ მაქფი ამ წელს საფრანგეთის სამხედრო მარცხისა და ტერორის მმართველობის პერიოდის დაწყებაზე.
მაქფი ასევე ამატებს, რომ კომიტეტი რევოლუციის მოწინააღმდეგეობაში ბრალდებულ პირებს აკავებდა, რომლებსაც რევოლუციური სასამართლო ასამართლებდა.
ტერორის მმართველობას ამოძრავებდა რევოლუციურ მიმდინარეობაშივე არსებული დამოკიდებულებები და დაპირისპირებები რადიკალური პარტიებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს უკომპრომისოდ განიხილავდნენ.
“(რედ. – 1794 წლის) 10 ივნისის შემდეგ ექვსი კვირის განმავლობაში, რომელსაც “დიდ ტერორად“ იხსენიებენ, 1 376 ადამიანს მიესაჯა სიკვდილი, დღეში საშუალოდ 30 დეკაპიტაცია ხდებოდა“. – წერია მაიკ რაპორტის წიგნში, “ტერორიზმის როუტლეჯის ისტორია“.
შეიძლება ითქვას, რომ მისი რევოლუციური სიმბოლიკის გარდა, ბასტილიის ციხე საპირისპირო სიმბოლოსაც წარმოადგენს და გვახსენებს, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, რომანტიზებული ნარატივებით და სიმართლეს ჩამოშორებული ამბებით ყველაზე დაუნდობელ სისტემურ ძალადობას ლეგიტიმაცია მიანიჭონ
