რეგულაცია აღსრულების გარეშე – რა პრობლემა შეექმნათ ავტოიმპორტიორებს?

2024 წლიდან ქვეყანაში იმ ავტომობილების იმპორტი, რომლებიც ევრო 5 სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ აიკრძალა, აკრძალვა შეეხო იმ მანქანებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ევრო 5 სტანდარტს, მაგრამ მეპატრონე ამას ვერ ამტკიცებს.
დადგენილებაში, რომელიც ძალაში შევიდა, გვხვდება ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია დასაშვებია. ამ სიაში არის თითქმის ყველა ქვეყანა, საიდანაც ავტომობილების იმპორტი ხორციელდება, თუმცა სიაში არ არის, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე , ჩინეთი. ამ ქვეყნებში მინიმალურ სტანდარტად არ არის განსაზღვრული ევრო 5. შესაბამისად, თუ ამ ქვეყნიდან ავტომობილის იმპორტს გადაწყვეტთ, მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ ის ევრო 5 სტანდარტს აკმაყოფილებს.
“საქართველომ მიიღო რეგულაციები, რომელთა კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ვენდობით, იმ ქვეყნებს სადაც არის ევრო 5, რადგან იქიდან არის შემოყვანილი, ე.ი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტი. დადგენილებაში ზოგიერთი ქვეყნის ჩამონათვალი არ არის, მაგალითად აზერბაიჯანი, უკრაინა, ჩინეთი, დუბაი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ავტოპარკის თითქმის ნახევარი შესაცვლელია, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, იაფი, მაგრამ ხარისხიანი ავტობაზრები მოვძებნოთ, საიდანაც შევძლებთ ავტომობილების შემოყვანას. ამიტომ, ვფიქრობ, არ უნდა ჩავკეტოთ ხელოვნურად ბაზრები.” – ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე.
ალეკო მინდორაშვილმა 2014-წლიანი “მერსედესი” დუბაიდან ჩამოიყვანა, რომლის რეგისტრაციასაც ამ დრომდე ვერ ახერხებს. მისი თქმით, საქართველოში ავტომობილის დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ მათ მწარმოებლის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინეს, თუმცა საკმარისი არც ეს აღმოჩნდა.
“შევამოწმე ვინ კოდი მერსედესის ცენტრში, გადავამოწმე და ცენტრმა დამიდასტურა, რომ მანქანა ნამდვილად იყო 2014-წლიანი და ნამდვილად შეესაბამებოდა ევრო 5 B+ კატეგორიას. სერტიფიკატიც მომცეს. ამჟამად ეს მანქანა განბაჟებული მყავს, მაგრამ ვერ ვარეგისტრირებ, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო მთხოვს ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტს ან სერტიფიკატს, რომლითაც შეამოწმებენ, რომ ავტომობილი ნამდვილად აკმაყოფილებს ევრო 5 სტანდარტს.
დამატებით მივიწერეთ გერმანიაში, რომ მიგვეღო ამ მანქანის შესაბამისი დოკუმენტაცია, მაგრამ ვერ მივიღეთ. გერმანიიდან მოგვდის ავტომატური პასუხი, რომ უნდა დაველოდოთ 6 კვირა. 2 თვეა ველოდებით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
ამის შემდეგ მივმართე თბილისის მერსედესის ცენტრში აღებული სერტიფიკატით სამინისტროს, წერილით რომ ჩამითვალონ ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ მივიღე უარი.” – ამბობს ალეკო მინდორაშვილი.
ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ შესაბამისი დიაგნოსტირების ჩატარება რეგიონის ქვეყნებშია შესაძლებელი, თუმცა იმდენად ძვირი ღირს, რომ შეძენილი ავტომობილის საბაზრო ღირებულების ფონზე მათ ეს არ უღირთ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ლაბორატორიის მოწყობა ქვეყანაში გაუმართლებელია, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნოე მეგრელიშვილი ამბობს, რომ ისინი ამ ეტაპზე ცვლილებების პაკეტზე მუშაობენ და შესაძლოა ავტომობილის მახასიათებლების დამადასტურებელი დასკვნების წარდგენის საფუძველზე ავტომფლობელებს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნება დართონ. თუმცა ერთი დათქმით, ეს დასკვნა ოფიციალურმა მწარმოებელმა ან დილერმა უნდა წარმოადგინოს.
“ამ ეტაპზე ჩანაწერი არ არის დადგენილებაში, რადგან მწარმოებელი შეიძლება დაინტერესებული იყოს რომ მისი პროდუქცია იყოს გაყიდული, შესაბამისად, გვაქვს გარკვეული კითხვები მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტის სანდოობაზე. ამ კუთხით მაინც ვფიქრობთ გარკვეულ ცვლილებებზე, თუ ეს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება ოფიციალური მწარმოებლის მიერ და არა შუამავლის მიერ. ეს დოკუმენტი უნდა იყოს სანდო და მიკვლევადი”, – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ