12 აგვისტოს, ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან-იუნისთან საბრძოლო ოპერაციები გააგრძელა. პარალელურად, რეგიონში კონფლიქტის გაფართოების რეალური რისკის არსებობის ფონზე, იზრდება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევა.
“ჰამასის” მიერ მართული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, დღეს, ხან-იუნისზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამ ფონზე, იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც ისრაელისგან ახალი ევაკუაციის მოწოდება შეეხო, კიდევ უფრო მეტი ოჯახი და იძულებით გადაადგილებული პირი გავიდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ქალაქ ღაზის გარეუბანში. ორი კი დაიღუპა რაფაში, ეგვიპტის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების ფონზე, “ჰამასს” სკეპტიკური რეაქცია ჰქონდა ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე. პალესტინელთა სამხედრო დაჯგუფება, რომელიც შეერთებული შტატებისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული ამბობს, რომ ისრაელის მხრიდან, შემხვედრი ნაბიჯის გადადგმის ნიშანს ვერ ხედავს.
“ჰამასის” განცხადებით, შუამავლებმა უნდა აიძულონ ისრაელი, დათანხმდეს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, რაზე თანხმობაც მათ უკვე თქვეს. პალესტინელთა დაჯგუფება აცხადებს, რომ ისრაელი არ უნდა ცდილობდეს სხვა მოლაპარაკებებზე შეთანხმებას და “ახალი შეთავაზებების წამოყენებას, რაც ოკუპანტთა აგრესიის საფარველი იქნებოდა”.
რეგიონში დაძაბულობა კი განუწყვეტლად იზრდება. ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში ახლა დამატებით წყალქვეშა ნავიც გააგზავნა. ერთი კვირის წინ, პენტაგონმა განაცხადა, რომ იქ დამატებით ძალებს, სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს აგზავნიდა. მათ შორის იყო ბირთვული ავიამზიდი “აბრაამ ლინკოლნი”. პენტაგონის განმარტებით, ეს შემდგომი ესკალაციის შეკავების მიზნით მოხდა, ვინაიდან არსებობს ირანის მხრიდან ისრაელზე საპასუხო იერიშის მიტანის რისკი.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს უთხრა, რომ ირანი ისრაელზე ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება. აღნიშნულ ცნობას სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” რეპორტიორი ბარაკ რავიდი ავრცელებს. ის ამ საკითხებში კარგად ინფორმირებული ჟურნალისტია Axios News-დან.
ისრაელმა “ჰამასის” წინააღმდეგ ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელთა დაჯგუფების მებრძოლები, 7 ოქტომბერს, თავს დაესხნენ ისრაელს, 1 200-მდე ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად გაიტაცეს. მათი ნაწილი დააბრუნეს, ზოგი ტყვეობაში გარდაიცვალა, ნაწილი კი კვლავ ღაზის სექტორში იმყოფება.
ეს ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო. ღაზის სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ დაწყებულ ისრაელის საპასუხო იერიშს დაახლოებით 40 000 პალესტინელი შეეწირა,- იტყობინება სექტორის ჯანდაცვის უწყება, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს.